საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ქვეყანა ვიზალიბერალზაციის დაკარგვის ზღვარზეა. ამ პროცესების პარალელურად, პარტია “ქართული ოცნების” მოქმედი თუ ყოფილი წევრები ევროპაში ყიდულობენ უძრავ ქონებას, აფუძნებენ კომპანიებს და იღებენ ევროკავშირის მოქალაქეობას საკუთარი შვილებისთვის. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ჩაატარა კვლევა, რის საფუძველზეც ცნობილი გახდა თუ რა სახის ქონებას ფლობენ ევროპის ქვეყნებში “ქართული ოცნების” მოქმედი თუ ყოფილი წევრები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მოიძია 18 პირის შესახებ ინფორმაცია (ქართული ოცნების მოქმედი და ყოფილი წევრები, თანამდებობის პირები და პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენები) ვინც ფლობს კომპანიებს ან უძრავ ქონებას ევროკავშირის ქვეყნებში: საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ესპანეთი, დანია, სლოვაკეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, კვიპროსი.
შენიშვნა: ჩამოთვლილი ინფორმაცია მხოლოდ მცირე, საჯარო წყაროებით მიკვლევადი ნაწილია იმ ქონებისა და კომპანიებისა, რასაც პარტიის წევრები სინამდვილეში ფლობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში” – ნათქვამია “საერთაშორის გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებაში.
საფრანგეთი – ბიძინა ივანიშვილი
კომპანიები: ივანიშვილების ოჯახის საერთაშორისო ბიზნესიმპერია, საუბარია 20-მდე უცხოურ კომპანიაზე, რომელთა გავლით ოჯახი 125-მდე ქართული კომპანიას და დიდძალ უძრავ ქონებას ფლობს, სწორედ ევროპულ იურისდიქციებშია რეგისტრირებული: დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში და საფრანგეთში. თავად ბიძინა ივანიშვილი დღემდე საფრანგეთის მოქალაქეა.
უძრავი ქონება: ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე 2 უძრავ ქონებას ფლობენ პარიზში:
- 1 935 კვ.მ ფართობის მიწა და მასზე არსებული 300 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი პარიზში, მისამართზე: 1 Allée des Robichons, La Celle-Saint-Cloud, 78170. უძრავი ქონების მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა.
- 110 925 კვ.მ ძირითადად ტყით დაფარული მიწა პარიზში, მისამართზე: 29 Rue de la Princesse, Louveciennes. უძრავი ქონების უშუალო მფლობელია საფრანგეთში რეგისტრირებული უძრავი ქონების მმართველი კომპანია სახელწოდებით SCI Du 29 Rue De La Princesse, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ერთად ფლობენ.
საფრანგეთი – კახა კალაძე
თანამდებობა: თბილისის მერი
უძრავი ქონება და კომპანია: კახა კალაძე პარიზში ფლობს 7 ოთახიან ბინას, რომელიც მან 2022 წლის დასაწყისში შეისყიდა 3.5 მილიონ ევროდ. ბინას ოფიციალურად ფლობს კომპანია სახელმწოდებით Kala Capital, რომელიც კახა კალაძემ და მისმა მეუღელს 2022 წლის დასაწყისში დაარეგისტრირეს, ხოლო ახლა სრულად ეკუთვნის მის მეუღლეს. კომპანია იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბინა – 49 Boulevard Lannes.
კახა კალაძის ოთხივე შვილი სავარაუდოდ ევროკავშირის მოქალაქეები არიან, რადგან ისინი იტალიაში და საფრანგეთში დაიბადნენ.
გერმანია – ლევან კობიაშვილი
ლევან კობიაშვილი
თანამდებობა: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პარლამენტის ყოფილი წევრი
უძრავი ქონება: ლევან კობიაშვილი და მისი მეუღლე თამარ წულეისკირი, რომელიც თავად ყოფილი თანამდებობის პირია (ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი უფროსი) გერმანიაში, კერძოდ ბერლინში 2 უძრავ ქონებას ფლობენ:
- 770 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 550 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2014 წელს 1 690 000 ევროდ შეიძინეს,
- 110 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს 945 000 ევროდ შეიძინეს.
ლევან კობიაშვილის ორივე შვილი სავარაუდოდ ევროკავშირის მოქალაქეა, რადგან ისინი გერმანიაში დაიბანდნენ.
ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პარტია “ქართული ოცნების” ყოფილ და მოქმედ -18 პირთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას. უფრო მეტს გაიგებთ მათ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.