სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებულ საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია პროკურატურაში დაიკითხა.
იზორია ჟურნალისტებთან საუბრისას ამტკიცებს, რომ იგი საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა და მან ეს მხოლოდ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ, მედია საშუალებებით გაიგო.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომებსა და უსაფრთხოების საბჭოზე არ განხილულა.
“ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმაში, ვიყავი თუ არა ინფორმირებული ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, ჩემი პასუხი იყო, რომ მე ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნდა, არც არაოფიციალური პირადი კომუნიკაციის ფარგლებში და მით უფრო, არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში, იქნებოდა ეს მთავრობის სხდომა, თუ განსაკუთრებით, უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში, ასეთი განხილვა არ ყოფილა.
2019 წელს, აპრილში ჩამოყალიბდა უსაფრთხოების ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოების ანალიზზე, პრობლემების ანალიზზე, პოლიტიკის დაგეგმვაზე, რომ შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდოს მაღალი პოლიტიკური თანამდებების პირებს. მეც მქონდა პატივი, რომ ამ ორგანოს შექმნის პირველივე დღიდან, როგორც თავდაცვის მინისტრი ვყოფილიყავი მუდმივმოქმედი წევრი და იცით, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს ამ საბჭოს სამ თვეში ერთხელ მაინც შეკრებას, მით უფრო, რომ მის მუდმივ წევრს აქვს უფლებამოსილება თავისი ინიციატივით მიმართოს პრემიერმინისტრს და ჩაატაროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. თუმცა მახსენდება მხოლოდ 1 სხდომა, ეს იყო 2019 წლის 1-ელ მაისს, რომელიც მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხებს შეეხებოდა, რადგანაც საბჭო ახალი შექმნილი იყო. ხოლო, თემაზე, რომელიც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის უსაფრთხოებას, პრემიერ-მინისტრი უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სუს-ი. სხდომა არ ჩატარებულა. მე ეს ამბავი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, მასმედიის საშუალებით გავიგე, მაშინ, როცა საგუშაგო უკვე განთავსებული იყო“, – განაცხადა იზორიამ.
საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იზორია ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას აკისრებს. იგი ამბობს, რომ გახარიას “უსაფრთხოების საბჭოს ფორმატი უნდა გამოეყენებინა.”
“სამწუხაროდ, მივიღეთ ცუდი შედეგი, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები მისი ტერიტორიული მთლიანობა, მით უფრო, ასეთი ოკუპაციის პირობებში, არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ბუნებრივია, როდესაც მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვიღებთ სავალალო შედეგებს ტეირტრიების დაკარგვასთან დაკავშირებით, ყოვლად სამწუხარო ფაქტია.
მთავარი პასუხისმგებელი თემაზე არის, ის ვინც გადაწყვეტილებას იღებს და მით უფრო, ამ გადაწყვეტილების მიმღები ხდება პრემიერმინისტრი, რა ინიციატივა სჭირდება, ინიციატივის ავტორი თვითონ არის და თვითონ არის პასუხიმგებელი. მას როგორც პასუხისმგებლიანს ეს ფორმატი, როგორიც არის, უსაფრთხოების საბჭო უნდა გამოეყენებინა. გახარიას მარჩიალობაზე და მის მკითხაობაზე ხომ არ ვიქნებით დამოკიდებული, ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, როდესაც ვხედავთ საფრთხეს და რაღაც გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, იმ ფორმატებში უნდა მოხდეს ამის განხილვა, რა ფორმატებსაც კონსტიტუცია და კანონი ითვლისწინებს“, – თქვა მან.