თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ „დედაქალაქში ურბანული წესრიგის დაცვის მიზნით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ ახალი პროექტი – მოტოინსპექცია შეიქმნა.“
„ურბანული წესრიგის დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. ამჯერად, გაგაცნობთ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის პროექტს, რომელიც დაგვეხმარება დროში ეფექტურად და ოპერატიულად ვმართოთ წესრიგის დაცვის ღონისძიებები დედაქალაქის ტურისტულ და ისტორიულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე“, – თქვა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მოტოინსპექცია აღიჭურვა ევროპული სტანდარტის ტრიციკლებით, სპეცეკიპირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.
„პროექტის მიზანია, ისტორიულ და ტურისტულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე ეფექტურად მართოს ურბანული წესრიგი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გაიარეს სპეციალური მომზადება; სამსახურის მიერ შესყიდული იქნა 20 ერთეული ტრიციკლი“, – აღნიშნა კალაძემ.