„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელიც აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს უკავშირდება.
„კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის “საქმეს” მიხედავენ და “ატვეჩაიშიც” ჩადგნენ. შესაბამისად, კობახიძის დავალებით ფაქტობრივ მძევლობაში ჰყავთ თურქეთის საავადმყოფოში და ელოდებიან მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომ თავისუფლებისა და სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება (ოჯახმა ცხადია იცის უკვე პირობები) – სიმართლის ნაცვლად ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს. მხოლოდ ამიტომ არის, რომ ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია არც პროკურატურას და არც შსს-ს“, – წერს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
მოგვიანებით, ის საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. საბოლოოდ, რიჟვაძე მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.