პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიუსელში, ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძესთან კომენტარში, სხვადასხვა საკითხთან ერთად, საქართველოში მისი დაბრუნების თემაზეც ისაუბრა.
„ვაპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას? რა თქმა უნდა ვაპირებ, ვიზიტები ჯერ კიდევ დაგეგმილი მაქვს. სიმართლე , რომ ვთქვა რთულია კონკრეტულად თქმა, დღევანდელი ხელისუფლების უგუნურობა რა სახის ზღვარს გადალახავს, დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არის სახიფათო, რომ მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია. ხვალ შესაძლოა ვიღაცამ გაიგოს, რომ 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ბიტკოინი ყოფილა გადამალული, ან რამდენჯერმე მეტი ფული ყოფილა მოპარული „ქოლცენტრებიდან“ და სასწაული მოხდეს. უნდა გვესმოდეს მთავარი დეტერმინანტი – დილით, როცა მთავრობა იღვიძებს, ბიტკოინსა და ფულს ეძებს, ის კი არ აღელვებს ადამიანები როგორ ცხოვრობენ, ევროკავშირში რა ხდება, ინფლაცია… ამათ მოპარული ფული ადარდებთ ვის ხელშია.
ვარ თუ არა ციხისთვის მზად რას ნიშნავს? ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე. ჩემი ყოველი დღე პოლიტიკური ნაბიჯია და დღეს უბრალოდ ისე მოხდა, რომ მედიას თავი ვერ ავარიდე, თორემ მე რასაც ვაკეთებ, იმის პიარი არასდროს მიცდია. ამიტომ თუ მე აქ ვარ ეფექტური – აქ ვიბრძოლებ, თუ იქ – იქ ვიბრძოლებ და თუ ციხეში ვარ ეფექტური – ციხეში ვიბრძოლებ.
ჩემი აზრით, ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური ბრიუსელშია, ამ ადამიანებთან. დღეს ფაქტობრივად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის იყო განწყობა, უვიზო მიმოსვლა ჰაერში იყო, მაგრამ ეს გადავავადეთ, ამისთვის კი მარტო მე არ მიმიღწევია, ეს საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შევძელით და გადავავადეთ. ამის [უვიზო მიმოსვლის] დაკარგვა არ შეიძლება, ეს უბრალოდ ბოროტებაა და „ოცნებას“ ეს აწყობს და ძალიან გაუხარდება“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, 14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „2019 წლის 24 აგვისტოს, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.“
გახარია საგამოძიებო კომისიამ ორჯერ გამოკითხა. მეორე შემთხვევაში „საქართველოსთვის“ ლიდერი სხდომას დისტანციურად ჩაერთო.