სადგურის მოედნის ტერიტორიაზე კორპუსის ფასადის ჩამონგრევასთან დაკავშირებით, გუშინ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ „კორპუსი ავარიული იყო და ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა, თუმცა ქირით გაყვანაზე უარი განაცხადეს.“
აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წელს ჩანაცვლების წესის შესახებ დადგენილება შეიცვალა და ავარიული კორპუსიდან მოსახლეობის გაყვანას მათი თანხმობა არ სჭირდება.
თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კალაძემ დადგენილების თაობაზე ისაუბრა.
„ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შესაძლებელია 100%-ის თანხმობის გარეშე მოსახლეობის გამოყვანა საცხოვრებელ სახლებიდან. ეს არის 100%-იანი ტყუილი. კანონის მიხედვით, არავინ მესაკუთრის გარდა არ არის უფლებამოსილი მართოს, განკარგოს, ან რაიმე ზემოქმედება მოახდინოს მის საკუთარ ქონებაზე. ამის უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ აქვს მესაკუთრეს და ეს მის ნებაზეა დამოკიდებული…
გუშინ აფრიალებდნენ დოკუმენტს და მცდელობა იყო იმისა, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებში საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა…
რაც შეეხება საკრებულოს იმ დადგენილებას, რაზეც წარმატებით საუბრობდნენ და მოჰყავდათ არგუმენტად – ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და ურბანულად არასწორია იქ რაიმე სახის სამუშაოს წარმოება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმის უფლება, რომ დავიწყოთ პროცესი, მაგალითად პროექტის მომზადება და არა ხალხის გამოყვანა ასეთი შენობებიდან. აქაც საჭიროა 100-%იანი თანხმობა რომ ეს ოჯახები გამოვიყვანოთ ამ კორპუსებიდან“, – თქვა მან.
ამასთან, „მთავარის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:
„საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულია თბილისის საკრებულოს დადგენილება, რომელშიც 2023 წელის 27 იანვარს შეტანილია ცვლილება, რომლის თანახმადაც, ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი შეიცვალა, ქალაქის მუნიციპალიტეტს უფლება მიეცა ყველა ბინის მესაკუთრის თანხმობის გარეშე დაიწყოს მუშაობა მრავალბინიანი ავარიული სახლის ჩანაცვლებაზე: “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე”. აქვე, ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილება ეხება შენობა-ნაგებობას, რომელიც არის ავარიული და ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას.“