სამოქალაქო აქტივისტის ნინო კალანდიას ინფორმაციით, დაპატიმრებულ მასწავლებლს, “ნინო დათაშვილს აქვს ხერხემალთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა, თუმცა ექიმი მასთან ჯერ კიდევ არ შესულა.“
“ერთი ფეხი აქვს გაშეშებული და აქვს ძლიერი ტკივილები. მთხოვა, იქნებ რამენაირად მოვაგვაროთ მისთვის ექიმის მიყვანა“,- წერს კალანდია.
აქტივისტის თქმით, სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა და ისინი დაპირდნენ, რომ აღნიშნულის შესახებ ლევან იოსელიანის თანაშემწეს გადასცემდნენ.
“ნინო დათაშვილმა დამირეკა ციხიდან. აქვს ჯანმრთელობის, კერძოდ ხერხემალთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა. ერთი ფეხი აქვს გაშეშებული და აქვს ძლიერი ტკივილები. მთხოვა, იქნებ რამენაირად მოვაგვაროთ მისთვის ექიმის მიყვანა. ამას ითხოვს უკვე დიდი ხანია. ამასთან დაკავშირებით წერილი გაეგზავნა სახალხო დამცველის აპარატს. დაიწყეს ამაზე მუშაობა, თუმცა ექიმი ჯერ კიდევ არ შესულა ნინოსთან. დავრეკე სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე და ვუთხარი ნინოს მდგომარეობის შესახებ, ვთხოვე საკითხზე სწრაფი რეაგირება.
ასევე, ვითხოვე ლევან იოსელიანთან შეხვედრა, რომ უფრო დაწვრილებით ვუთხრა ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჩაინიშნეს და დამპირდნენ, რომ რეაგირება ექნებათ სწრაფი, ასევე დამპირდნენ, რომ გადასცემენ იოსელიანის თანაშემწეს, შეათანხმოს მასთან ჩემი შეხვედრის ამბავი.
ველოდები სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან სწრაფ მოქმედებებს. როგორც კი რამე ახალი ინფორმაცია მექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ისევ დავწერ აქ”, – წერს აქტივისტი.
ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. მასწავლებელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას ედავებიან, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.