“სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე ფასადის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია ქალბატონი, 49 წლის, პოლიტრავმის დიაგნოზით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. არის კონტაქტური, ადეკვატური, მაგრამ მიმდინარეობს კლინიკოლაბორატორიული კვლევები.
მიმდინარეობს მეთვალყურეობა. გამოკვლევებისა და დიაგნოზის სრულყოფის შემდეგ გადაწყდება მისი დისპოზიცია განყოფილებაში. ამჟამად იმყოფება გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში“, – აღნიშნა მან.
ადგილზე ამ წუთებშიც გრძელდება სამაშველო სამუშაოები, მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებიც. არ არის გამორიცხული, რომ ნანგრევებში კიდევ იყოს მოყოლილი ვინმე.
ნგრევა სადგურთან მდებარე ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში დაახლოებით საათ-ნახევრის წინ მოხდა. სავარაუდოდ, ჩამოინგრა სახურავისა და ფასადის ნაწილი.
ამ დროს, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ გარემოვაჭრეებიც, დაზიანებულია ავტომანქანებიც. ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის მერი.
კახა კალაძე აცხადებს, რომ შენობა ავარიული სახლი იყო და ის არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, თუმცა მხოლოდ მობინადრეების ნაწილმა ისარგებლა ჩანაცვლების პროგრამით.
გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის 240-ე მუხლით.