პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს:
„ის, რასაც მოსამართლეს ვეტყოდი პროცესზე, რომ მიშვებდეს:
ორ თემას მინდა შევეხო:
პირველი არის ის, რომ მინდაძისთვის გითქვამთ შეგიძლია პრეზიდენტს სთხოვო შეწყალებაო. მოდი, კორექტულად ჩამოვაყალიბებ და ასე ვიტყვი: ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ აქ ერთი წამითაც არ უნდა ვიყოთ — საერთოდ არაფერი არსებობს ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ რასაც მომისჯით, იმას მოვიხდი პატიოსნად და აქედან თავაწეული გავალ. შეწყალების თხოვნა კი 0.1%-ითაც არ განიხილება — ყველანაირად გამორიცხულია. არავის შეწყალება და როგორც ანდრომ თქვა — არავის ჰუმანურობა არ გვჭირდება. ეს თქვენ დაგჭირდებათ მალე ჩვენგან. თქვენ დააშავეთ ჩვენს წინაშე და არა პირიქით.
და იმის მიხედვით ნუ მიიღებთ უკანონო გადაწყვეტილებას, ქალბატონო მოსამართლე, რომ თითქოს მერე შეგვიწყალებენ — ამ ტვირთით მოგიწევთ ცხოვრება. სხვა ვერ გამოგისწორებთ. შეწყალების ფურცელი რომ მომიტანონ, გადავხევ. დაცინვაა — დაგიჭირონ არაფრისთვის და მერე კიდე აქეთ დაგაწყებინონ თხოვნები.
ეს პირადად ჩემგან არასდროს მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრებიან მშობლები, ბებო, დაიკო და მეგობრები.
ახლა მეორე საკითხი:
აქ ჩემი დამჭერი მოგიყვანიათ. იმედია, ცრუმოწმეობა მართლა ისჯება. აი, ყველაფერს შეიძლება მისცე რაღაც ინტერპრეტაცია, მაგრამ ის, რომ თითქოს ლისის ტბაზე დამაკავეს — სადაც ცხოვრებაში არ ვარ ნამყოფი — ხომ ყოვლად აბსურდია.
რეალურად იმ ღვთის პირიდან გადავარდნილ ადგილას, სადაც რატომღაც ადამიანის ჭაჭანება არ იყო, ცრუჩვენების გამოსაძალად წამიყვანეს — ამას საბოლოო სიტყვაში უფრო დეტალურად გავშლი.
ამ დროს უნამუსო ვაიპოლიციელი უტიფრად აცხადებს: “ლისზე დავიჭირე”, — პირველი შეკითხვა, რაც უნდა დამესვა, იყო: სად არის ლისის ტბა? ხომ ვერ მიმასწავლიდა გზას? ან რა ნომერი ავტობუსი მიდის იქამდე, ხომ ვერ მეტყოდა? — აწი მაინც ვიცოდე.
ან, ამ უდაბურ და უკაცრიელ ადგილას რა მინდოდა, როცა დილის 09:20-ზე ექიმთან ვიყავი, და თან ტელეფონში დედასთან მონაწერიც არსებობს, სადაც ვატყობინებ მეტროში ჩავდივარ ახლა და რუსთავში მოვდივართქო — ამის შემდეგ კი რატომღაც ვქრები. (რუსთავში მეტროთი არ მივდიოდი — სპორტის სასახლესთან უნდა გავსულიყავი.)
ცნობისთვის — რამდენიმე საათის მერე ერთ-ერთი დარეკვისას, ანერვიულებულ დედაჩემს ვიღაც ხეპრე ჩემი ტელეფონიდან უხეშად პასუხობს: “აწი აქ აღარ დარეკო!”
მოკლედ, ის ცრუმოწმე მოინიშნეთ, და როცა კანონი მართლა იკანონებს — ისევ დაიბარეთ, ოღონდ ბრალდებულის რანგში!” – წერია რეზო კიკნაძის წერილში.