პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარის მიერ 2025 წლის 10 ივლისს გავრცელებული ჩანაწერი, სადაც საბა ჯიქია ფიგურირებს, ავთენტიკურია.
„საბა დიმიტრის ძე ჯიქია და ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეო ფაილზე აღბეჭდილი პიროვნება, რომელსაც აცვია მონაცრისფრო ფერის შარვალი, მონაცრისფრო ფერის ზედა და რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს დანის მაგვარი საგანი და ფეხს ურტყამს წაქცეულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, არის თუ არა ერთი და იგივე პირი?“
დასკვნა – „ზემოაღნიშნული კვლევები გვაძლევს საფუძველს დასკვნისთვის, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული, გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულებები იდენტურია ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ 26.06.2006 წელს დაბადებულ საბა დიმიტრის ძე ჯიქიას სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე არსებულ ფოტო გამოსახულებაზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულების”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, 19 წლის საბა ჯიქიას გუშინ 4.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.