საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1988 წელს დაბადებული მ.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.“
უწყების ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის, 1985 წელს დაბადებული ს.მ.-ს ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი, ასევე, 13 000 აშშ დოლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, თანხის ნაწილი, საკეტის გამღები ინსტრუმენტი – ე.წ. ატმეჩკა და სხვადასხვა ხელსაწყო“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“