“როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია “ფეისბუქის” გვერდზე წერს, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კადრების გავრცელებას გამოეხმაურა.
“როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ!
დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!”, – დაწერა გახარიამ სოციალურ ქსელში.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, სოციალური ქსელის მომხმარებელში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, რასაც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია გახარიას პოსტის კომენტარებში ეხმაურება:
“ამ პოსტის ქვეშ გახარიაზე თავდასხმები არაადეკვატურია, მეგობრებო. მე ასე ვფიქრობ და პოსტს ვალაიქებ. საერთოდ არ მაღელვებს დასაბალანსებლად რა შესავალი გააკეთა. უნდა ვისწავლოთ მთავარის და მეორეხარისხოვანის ერთმანეთისგან გარჩევა”, – წერს გვარამია FACEBOOK -ზე.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაასაჯაროვა. როგორც კადრებში ჩანს, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ.
