„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გია ბარამიძე ეხმაურება თავისი თანაპარტიელების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ლელო“, ენმ-ს მხრიდან გარკვეული პოზიციის დაფიქსირების სანაცვლოდ, ფულს იხდიდა.
„ვადასტურებ, იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ თვალს დავხუჭავდით, რბილად გავაკრიტიკებდით „ლელოს“…
ვაჭრობაში არ შევსულვართ, საუბარი მყისიერად მორჩა, როგორც კი გაიგეს ჩვენი პოზიცია, რომ ეს არ არის ვაჭრობის საგანი, ვაჭრობის თემა, ჩვენ სამშობლოთი არ ვვაჭრობთ. ადრე ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი პარტნიორი, ჩვენ ვერავის მოვუწონებთ ამ მოღალატურ რეჟიმთან თანამშრომლობას, მათ სპეცოპერაციაში შესვლას, რაც რეჟიმის ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მცდელობაა. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდაა ცნობილი ყველასათვის, ღიად ვსაუბრობთ და არაფერი გვაქვს დაფარული, არ ვაპირებთ ენის მოჩლექას არავისთან მიმართებით. თქვენ ამას ძალიან კარგად ხედავთ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ვინც არ უნდა შევიდეს ამ სპეცოპერაციაში, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის ღალატი“, – თქვა გია ბარამიძემ.
შეგახსენებთ, ანა წითლიძეს, ირაკლი ფავლენიშვილსა და ლევან სანიკიძეს live-ეთერი ჰქონდათ, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს.
ისინი შეეხნენ „ლელოსაც“.
„ – ორი მხარე არის დღეს ქვეყანაში, ან ხარ რუსი, ქოცი და ხარ მათ მხარეს, ან ქართველი და იბრძვი თავისუფლებისთვის. სხვა არაფერი არსებობს. დანარჩენი ყველაფერი სისულელეა, რასაც „ლელო“ ცდილობს, რომ დააბოლოს ამომრჩეველი. ვერავისაც ვერ აბოლებს, პარტიას ეტყობა…“ – თქვა წითლიძემ.
„ – ფულს იხდიდნენ, ხალხნო, რომ იცოდეთ, ფულს იხდიდნენ, ასეთი ეთერი რომ შემდგარიყო“, – აღნიშნა სანიკიძემ.
„ – იხდიდნენ, კი, მათ შორის ჩვენც გვეუბნებოდნენ, ოღონდ თქვენ არ დაგვარტყათ და… ამიტომ ვთქვი, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა ივლის ჩემოდნით და იყიდის თუ მამუკა ივლის ჩემოდნით-მეთქი. სად ვართ, ხალხნო? წარმოიდგინეთ, სად ვართ. მართლა რა ჰგონიათ?“ – დაამატა ანა წითლიძემ.