მიხეილ სარჯველაძე თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ რიჟვაძეს ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული. მისივე თქმით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მას ჯანმრთელობა შეუნარჩუნდეს.
“ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. შესაბამისად, ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები. ყველა საჭირო პროცედურა იქნა განხორციელებული საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილიყო. ეს წარმატებით მოხერხდა. შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკვე აქ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანასთან დაკავშირებით. ის ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ძალიან მძიმე ტრავმები არის სახეზე. რა თქმა უნდა, სჭირდება ინტენსიური მკურნალობა. ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის უკლებლივ ყველაფერი უკეთდება თორნიკე რიჟვაძეს.
[…]ერთი ჭრილობაა. საბედნიეროდ, მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია ეს ცეცხლსასროლი ჭრილობა”. – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძემ ასევე ისაუბრა წერილთან დაკავშირებით. მისი თქმით, გადმოცემით მხოლოდ ის იცის, რომ ეს წერილი რიჟვაძის ტანსაცმელში აღმოაჩინეს.
“რაც შეეხება წერილს, მე ამაზე დაზუსტებით ვერ ვისაუბრებ. გადმოცემით რა ინფორმაციაც მაქვს ეს არის, რომ მის ტანსაცმელში იქნა აღმოჩენილი ეს წერილი. ეს არის ერთადერთი, რაც ამ წუთას შემიძლია გითხრათ. რასაკვირველია, ამოღებულია სათანადო წესით, დამაგრებულია ეს მტკიცებულება და შესაბამისად ამის თაობაზე საზოგადოება, კანონმდებლლობით დადგენილი წესით, სრულად ინფორმირებული“,- განაცხადა სარჯველაძემ.