პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომრეობაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც ლევან რატიანმა მედიებთან საუბრისას განაცხადა, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაში შეინიშნება დადებითი დინამიკა, თუმცა კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„პაციენტი შემოყვანილია დღეს დილით, დაახლოებით 06:30 საათზე. გადმოყვანილი იქნა სხვა კლინიკიდან, მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ – ჰემორაგიული შოკის კლინიკა.
ამ წუთში, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია, ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ ნაკლებად აღდგენილია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული“, – განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით კლინიკაში მოათავსეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.