ჟურნალისტმა ქეთა ციცქიშვილმა „ტვ პირველთან“ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ, რადგან მას შემდეგ ჟურნალისტიკა აღარ არის ისეთი, როგორიც მანამდე იყო. მოგვიკლეს კოლეგა, ლექსო ლაშქარავა, ამას ღიად და პირდაპირ ვამბობ, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება. ჩვენ ამაზე ვნახეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ორგანიზაციების გამოხმაურებები. ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც ლექსოს ვიცნობდით, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის, იმ ჟურნალისტისთვის, რომელიც მას მერე შემოუერთდა ამ პროფესიას. შესაბამისად, კარგად უნდა ვიაზრებდეთ იმას, რომ დღეს მზია ამაღლობელი და ნიკა კაცია რომ ციხეში არიან, ეს ყველაფერი არის იმის გაგრძელება, რაც დაიწყო 5 ივლისს“, – თქვა ქეთა ციცქიშვილმა.
შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენების შედეგად, 53 ჟურნალისტი დაშავდა.
ამ დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ტვ პირველის“ მაშინდელ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, რომელის 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 27 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით ჰქონდა წაყენებული.
ნაწილს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.