პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე პოსტს აქვეყნებს.
გახარიას თქმით, ის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს ესწრება.
„გერმანიაში ვესწრები გერმანიის სოციალ-დემოკრატიული (SPD) პარტიის კონგრესს, რომელიც იმართება საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის კრიზისის ფონზე. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კოლეგებს, მათ შორის ბუნდესთაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, იოჰანეს შრაპსს.
განვიხილეთ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სასწრაფო აუცილებლობა, აგრეთვე პარტია „საქართველოსთვის“ გეგმები – გახდეს ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) ოჯახის წევრი, რისი განხილვაც შემოდგომაზე იგეგმება.
მადლიერები ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების, მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – წერს გახარია.
შეგახსენებთ, გახარიას საქმესთან დაკავშირებით, 14 ივნისს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.“