„ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ „გახარია საქართველოსთვის“ წარმიმადგენლებისთვის საპარლამენტო მანდატების შეჩერების საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, გახარიას გუნდი რეგლამენტს არღვევს და ამ შემთხვევაში კონკრეტული ზომები უნდა იქნას მიღებული.
„რომ არ დავეთანხმო [მანდატების შეჩერებას], არგუმენტი არ მაქვს, რადგან რეგლამენტი არსებობს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, მე რომელ პარტიას წარმოვადგენ. რეგლამენტს არღვევს და ამ შემთხვევაში კონკრეტული ზომები უნდა იქნეს მიღებული. პირადად მე გავაცდინე რაღაც სხდომა, ვერ მოვიტანე შესაბამისი დასაბუთება – საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია ამასთან დაკავშირებით და ერთი დღის ხელფასი დამაკლეს. ეს მცირე სასჯელია, მაგრამ არსებობს გადაწყვეტილებების გარკვეული შესაბამისობა იმ ვითარებასთან, რომელიც პროცესის განმავლობაში ყალიბდება. არ დადიხარ, არ მუშაობ, არ მონაწილეობ საპარლამენტო საქმიანობაში – ეს შესაბამის შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, მომავალ კვირას, 30 ივნისს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.