დღეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ეზიარა – ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “დღის ამბები” განაცხადა.
“მიმაჩნია, რომ სინანული, აღსარება და ზიარება, ეს იმდენად დიდი აქტია, რომ ჩვენი შეფასება არ სჭირდება. მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ასე თქვა: – “40 დღიანი მშრალი მარხვა” და ეს ჩემთვის იმდენად სარწმუნო და გასაგებია, რომ არავითარი საფუძველი არ მაქვს, მეუფეს სიტყვები არ ვირწმუნო.
ამავე დროს, ცოტა ხნის წინ, 4 წლის განმავლობაში მე ვიყავი პატიმარი და შეძრული ვარ პატიმარზე დაცინვით… (არ ვიცი ამას რა დავარქვა), ყველა პატიმარი ნდობას დაკარგავს სამედიცინო სამსახურის მიმართ”, – აღნიშნა მან.
ამასთან, რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ იმ ვიდეომასალასაც გამოეხმაურა, სადაც კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით საკვებ დანამატებს იღებს.
” ამ კადრების ნახვის შემდეგ, ძალიან დიდი ტრავმა მივიღე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით ვინმე ქართველი გაახარა, ისინი საქართველოს არ იცნობენ, ქართველები ასეთები არ არიან.
მე არ მჯერა, რომ ქართველებს პატიმრის ამ მდგომარეობაში დანახვა უხარიათ. ეს ყველანაირი უფლების დარღვევაა, არამარტო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, არამედ, ეს საქართველოს უფლების დარღვევაცაა. ეს აღმაშფოთებელია, ყველა პატიმრის უფლება უნდა იყოს დაცული და ყველა პატიმრის ჯანმრთელობის უფლება უნდა იყოს დაცული”, – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.