“ნამდვილად არავის ეშინია არც კობახიძის, არც ივანიშვილის და არც ბოროტი წულუკიანის” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ოფისთან განაცხადა, საიდანაც რამდენიმე წუთის წინ “ლელოს” ლიდერები აიყვანეს.
ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩება და სანქცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
“ჩვენი ქვეყნის ხსნა, ერთიანობაშია და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს – ეს არის კონსოლიდაცია, შიშით ისედაც არავის ეშინია. ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, სად მიდის ეს ქვეყანა…
დამატებითი სანქციები გზაშია, ამაზე მე და გიორგი ვაშაძე ვსაუბრობდით, რომელიც ხვალ შეიძლება, დააპატიმრონ. დღეს გიორგია, ხვალ მე მექნება შესაძლებლობა, გარეთ ვიყო. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ ხალხთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან”- დასძინა მან.
„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო,”ლელო ძლიერი საქართველოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს. ისინი სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში დააკავეს. მოსამართლე ზვიად შარაძემ დღეს, 23 ივნისს, „ლელოს“ ლიდერებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს 8-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბადრი ჯაფარიძეს დამატებით 2 წლის განმავლობაში ეკრძალება საჯარო თანამდებობის დაკავება.
აღსანიშნავია, რომ ბადრი ჯაფარიძეს იმავე საქმეზე 5 აპრილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც მან გადაიხადა.
დღესვე, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.