ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას “საგამოძიებო კომისიაზე” დაბარებას ეხმიანება და ამბობს, რომ გახარიას საქართველოში არ ყოფნა მიუთითებს იმაზე, რომ ის სამარცხვინოდ გაიქცა საგამოძიებო კომისიიდან.
მისივე თქმით, ას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, ამას არ გააკეთებდა.
მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას, ამის გამო ის დიალოგისთვის განსხვავებულ ფორმას ითხოვს. მგონია, რომ მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიის სხდომაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ მართალია. რა თქმა უნდა, მე სხვა აზრი მაქვს. მე ვიცი, რომ წერილის თანახმად, ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან. ეს ღიმილის მომგვრელია. ასე სამარცხვინოდ გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება. მას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, ამას არ გააკეთებდა,” – აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, გიორგი გახარია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 23 ივნისს ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს, თუმცა გახარია საქართველოში არ იმყოფება. მან კომისიას დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობისთვის მიმართა, თუმცა პასუხად უარი მიიღო.