Reuters-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ 600-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა.
აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) უფროსმა მრჩეველმა, კერი ლეიკმა განაცხადა, რომ გათავისუფლების შესახებ შეტყობინება „ამერიკის ხმის“ 639 თანამშრომელს გაეგზავნა.
„სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება USAGM-ისა და „ამერიკის ხმის“ 639 თანამშრომელს გაეგზავნა, რაც გაბერილი, უპასუხისმგებლო ბიუროკრატიის დაშლის მიზნით დიდი ხნის ძალისხმევის ნაწილია“, – განაცხადა ლეიკმა.
შეგახსენებთ, 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა.
„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში 22 მარტს შეიტანეს.
ფედერალურმა მოსამართლეებმა „ამერიკის ხმის“ დახურვის მიზნით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები რამდენჯერმე დაბლოკეს, თუმცა უფროსი მრჩევლის, კერი ლეიკის განცხადებით, მარტის შემდეგ სააგენტოს თანამშრომლების რაოდენობა 85%-ით შემცირდა.