თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველდღიურად კორონავირუსით ბევრი ადამიანი ინფიცირდება.
ამასთან კალაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინების მარაგი არის და გადარჩენის ყველაზე კარგი საშუალება ვაქცინაციაა.
„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, თუ ვნახავთ ყოველდღიურად რამდენი ადამიანი ინფიცირდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გარდაცვალება გვაქვს და ყველა ეს აუცრელი ადამიანია. სახელმწიფომ ყველანაირად იზრუნა იმისთვის, რომ ვაქცინები მოემარაგებინა, შემოეტანა და ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, რათა საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს, რომ ავიცრათ, ესაა ყველაზე კარგი საშუალება, რომ სიკვდილისგან გვიხსნას. ყველა, მთელი ევროპული ქვეყნები იცრება და აქაც, მილიონზე ცოტა მეტი ადამიანია აცრილი, რაც ძალიან ცოტაა და უნდა მოვუწოდოთ მეგობრებს, ჩვენს ახლობლებს, რომ მაქსიმალურად ავიცრათ, რათა დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის აღნიშნულ განცხადებას, “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება.
ფხაკაძე უხილავ მტერთან საბრძოლველად საზოგადოებას, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ გამარჯვების მოპოვება ამ გზით არის შესაძელებელი.
“კოვიდთან ბრძოლა უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამყოფი. პოლიომიელიტის ვაქცინაზე აშშ და სსრკ ერთად მუშაობდნენ. იდეოლოგიური/პოლიტიკური საკითხები გადადეს უკანა პლანზე და საბოლოოდ ორივემ მოიგო, სიცოცხლემ მოიგო!
ახლაც, საქართველოში ვაქცინაციის საკითხი უნდა იყოს არაპოლიტიკური და ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ სხვა გზა არ არის, გარდა ამ ვერაგის ერთობლივი ძალებით დამარცხების!
ყველა პოლიტიკური პარტია უნდა დაჯდეს, დიახ, დაჯდეს და ერთობლივად ამ ერთ საკითხზე შეთანხმდეს!
1/ ქვეყანა არ ჩაიკეტოს;
2/ ტრასპორტი და საზღვრები არ ჩაიკეტოს;
3/ ქვეყანა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე (“ფაიზერის” ვაქცინაზე) და ვაქცინაციის პროცესი მკაცრად მიჰყვეს მწარმოებლის ინსტრუქციას და ამერიკის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს;
4/ სამედიცინო პირბადე უნდა იყოს სავალდებულო ყველგან;
5/ სოციალური დისტანცია (მინიმუმ 1 მეტრი) უნდა იქნას დაცული ყველგან (მიტინგებზე, სკოლაში, ბაზარში, მაღაზიაში და ასე შემდეგ);
6/კოვიდ საშვები უნდა იქნას შემოღებული იგივე მეთოდით, როგორიც არის ევროპაში (მაგალითად, საფრანგეთის მაგალითი, სადაც კოვიდ – საშვი სავალდებულოა კაფეში, სალონში, ტრანსპორტში, კინოთეატრში და ასე შემდეგ);
7/ ანტივაქსერული მოძრაობა და გამოსვლები გამოცხადდეს ანტისახელმწიფოებრივად და ყველა პარტიამ დაგმოს (ვაღიაროთ რომ “ანტივაქსერები” საქართველოში არიან პრაქტიკულად რუსული დივერსანტ/აგენტები და იკვებებიან რუსული “წყაროებიდან”/”ორგანიზაციებიდან”);
8/ შეწყდეს ვაქცინაციის თემით მანიპულაცია, ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან.
ამ ვირუსის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალებით. ძალა ერთობაშია! თუ არ გავერთიანდებით, მოგებული იქნება ვირუსი და წაგებული იქნება საქართველო. გაუმარჯოს საქართველოს!”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა, პანდემიასთან დაკავშირებით სასწრაფო და მკაცრი ზომები მიიღოს.
მისი თქმით, დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველა პასუხისმგებელია და ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება ევალებათ.
საქართველოში კორონავირუსის 5 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 631 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 62 პაციენტი გარდაიცვალა.