იმას, რასაც ახლა ვიტყვი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ვიტყოდი – დიახ, მე, 7 ნოემბრის დაზარალებული, ვითხოვ სააკაშვილის გათავისუფლებას – ამის შესახებ ჟურნალისტმა მაია ასათიანმა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“7 ნოემბრის საქმე – მე და ჩემი ბევრი კოლეგა ვართ 7 ნოემბრის დაზარალებულები. ნუთუ, აქამდე არავის გაუჩნდა კითხვა, რომ ჩვენ დაზარალებულები ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ჩვენ ბევრნი ვართ… სახელებს და გვარებს არ ჩამოვთვლი, იმიტომ, რომ უმეტესობა მათგანი ახლა ოპოზიციურ მედიაში მუშაობს და ყველა ეს ადამიანი ითხოვს – საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას! ნუთუ, ეს არაფერ არ ნიშნავს? – დიახ, მე 7 ნომბერის დაზარალებული, მაია ასათიანი ვითხოვ მის გათავისუფლებას”, – განაცხადა ასათიანმა სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, სხვა საქმეებთან ერთად, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელე-იმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.
აქციაზე ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
უკვე 34-ე დღეა სააკაშვილი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.