სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ან/და ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
“ბურჟუაზიული რევოლუციები ან ლიბერალური რევოლუციები იყო რევოლუციური ციკლების სერია, რომლებიც მოხდა მე -18 საუკუნის ბოლოს და მე -19 საუკუნის პირველი ნახევრის განმავლობაში.
ბურჟუაზიული რევოლუციების მაგალითია მე-16 საუკუნის ჰოლანდიის რევოლუცია, მე-17 საუკუნის ინგლისის რევოლუცია, პირველი ამერიკული რევოლუცია (ამერიკული კოლონიების დამოუკიდებლობის ომი), საფრანგეთის დიდი რევოლუცია, 1848-1849 წლების რევოლუციები ევროპაში: რევოლუცია გერმანიაში, რევოლუცია ავსტრიაში, რევოლუცია იტალიაში, რევოლუცია უნგრეთში და ა.შ…
დავთვალე და 12 – ჯერ ვარ დასაჭერი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, უწყება განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დასაცავად.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით.
მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ან/და ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დასაცავად და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის თავიდან ასაცილებლად.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
https://mix.metronome.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%97/
