არ მინდა, საქართველოში დანაშაულებს ისე ჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, რომ ამისთვის პასუხი არ მოეთხოვოთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხა.
“ჩორჩანაში დადგმა ამ საგუშაგოსი განმაპირობებელი იყო, წინაპირობა იყო რუსეთის საოკუპაციო ძალის გადმოწევისა, რის შედეგადაც მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა ტერიტორიის, დაიკარგა, კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა საოკუპაციო ძალის. გარდა ამისა, არის სერიოზული შედეგი კიდევ, რომელიც მივიღეთ ახალგორის მიმართულებით და თუკი რაღაც შესაძლებლობა კიდევ არსებობდა, რომ ემოძრავა ხალხს ახალგორის მიმართულებით, ეს შესაძლებლობა სრულიად ჩაიკეტა – ანუ უმძიმესია ის ვითარება, რომელიც ოკუპაციის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა და რა საკვირველია, კითხვებიც ამის განმხორციელებლის მიმართ არის აუცილებელი და სასწრაფო.
მე არ ვარ არც მოსამართლე და არც პროკურორი. არავის ციხეში წასვლა არ მინდა – არც გახარიასი და არც ნებისმიერი ადამიანის, მაგრამ არც ის მინდა, რომ საქართველოში დანაშაულებს ისე ჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, რომ ამისთვის პასუხი არ მოეთხოვოთ”, – თქვა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, “გახარია-საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია “საგამოძიებო კომისიაზე” 23 ივნისს ხელმეორედ დაიბარეს. ამჯერად, საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება.