იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში ყოველდღიურად ვაქცინირებული მოქალაქეების უმეტესობა მეორე დოზის მისაღებად არის მისული, ხოლო პირველად დოზებზე ჯავშნები თითქმის აღარ კეთდება.
“ასე 3, 4 და 5 ათასი ვაქცინირებული ადამიანის იმედად, ჩვენ პანდემიას ვერ დავამარცხებთ.
ყოველდღიურად ვაქცინირებულ ადამიანთა შორის, უდიდესი ნაწილი მეორე დოზაზეა მისული, რაც ნიშნავს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში დამატებითი რესურსი, მკვეთრად გაიზარდოს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა, არ არსებობს“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პროფესორი, “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“ვაქცინაცია ქვეყანაში ჩავარდნილია! მარტივ ენაზე – ვაქცინაციის პროცესი გაჩერდა!
ვაქცინაციის საბჭომ უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა ამ ჩავარდნაზე!
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა ამ ჩავარდნაზე! ნუ ვეძებთ “ვიღაც” დამნაშავეებს…
როცა არაპროფესიონალები (ვაქცინაციის სფეროში) იღებენ არაპროფესიონალურ /პოლიტიკურ /ბიზნეს ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, შედეგია არის შესაბამისი.
4 ტიპის ვაქცინის შემოტანა იყო შეცდომა და წინადადება – “ვაქცინის არჩევანის თავისუფლება” იყო თავიდანვე დიდი შეცდომა. ვერ გავიგე, ეს ვაქცინაა თუ “ბოტილოქსი” (ბოტოქსი არის შხამი, რომელიც გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში). მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ უნდა აიცრას და რა ვაქცინით, ეს არის შიდა სამედიცინო საკითხი.
მესმის, რომ თავიდან არანაირი ვაქცინა არ იყო და ნებისმიერი ვაქცინა ხსნა იყო, ამაზე არავინ დავობს. მაგრამ როცა აგვისტოდან უკვე მსოფლიოში სრულად დამტკიცდა “ფაიზერი” 16 წლის ზევით ასაკის ადამიანებში გამოსაყენებლად და ამ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა? რატომ არ მოვიქეცით, ისე როგორც, მაგალითად, ჩვენი მეზობელი თურქეთი? თურქეთში ვაქცინაცია დაიწყეს ჩინურით და ახლა მთლიანად გადავიდნენ ფაიზერ/ბიონტეკის ვაქცინაზე!
ჩვენი “ექსპერტების” მიერ “შემოგდებული” ტერმინი – “ტრადიციული ვაქცინა” – თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი – ეს არასწორი ტერმინია, აკადემიურადაც და რეალურადაც. ამ ტერმინმა უფრო დააბნია ისედაც დაბნეული მოსახლეობა. ყველა ვაქცინა დღეს მზადდება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდებით!
ჩინური ვაქცინების “გაპრავება” – ეს კიდევ ცალკე თემაა. გავიგეთ, რომ ვუჰანური ვირუსის წინააღმდეგ ჩინური ვაქცინები 50%-ით იცავს და ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანუზაციაში წარმოდგენილ საბუთებში, მაგრამ იმის მერე წამოვიდა ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ინდური და სხვა შტამები… და ეს ჩინური ვაქცინები ამ შტამების წინააღმდეგ ვერ არიან ეფექტური. ყველა კვლევა, რაც დღეს ჩინური ვაქცინების შესახებ არსებობს, გვაჩვენებს, რომ ეს არის უსაფრთხო, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალი შტამების წინააღმდეგ დაბალ ეფექტურია. საქართველოში პოპულარული შრი-ლანკა და ჰონგ-კონგის კვლევები არის არასანდო და არასერიოზული მარტივი მიზეზის გამო – 1. ორივე დაფინანსებულია ჩინეთის მთავრობის მიერ, 2. კვლევებში მონაწილეთა რაოდენობა არის ძალიან მცირე – შრი-ლანკაში – 282 და ჰონგ – კონგში – 360 მონაწილე.
ლატარიის ჩატარება სახელმწიფოს მიერ, ეს იყო და არის არამიზნობრივი ხარჯი და არაპროფესიონალების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული. ასეთ რამეს რომ აკეთებ ჯერ სოციოლოგიური/ანტროპოლოგიური მცირე კვლევა მაინც უნდა დადო, რომ დათვალო, რა დადებითი და რა უარყოფითი შედეგები ექნება ამ პროცესს. შედეგი ნათელია – ლატარია არის არაეფექტური და პირიქით უფრო დიდი ზიანი მიაყენა ვაქცინაციის პროცესს. სჯობდა ლატარია ყოფილიყო კერძო ბიზნესის (ეს მათი ინტერესში შედის, რომ მომხმარებელი ჯანმრთელი იყოს და ლოკდაუნი არ გამოცხადდეს) და სახელმწიფოს წილი ყოფილიყო გადასახადებისგან გათავისუფლება ამ ლატარიისთვის. მაგრამ ყველაფერი უკუღმა გაკეთდა.
ვაქცინაციის ბარათზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ, თავიდან ბოლომდე ჩავარდნილია ინიციატივა და რატომ? არაპროფესიონალების მიერ არის დაგეგმილი და იმიტომ!
საინფორმაციო კამპანია – ეს ხომ საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს… აქაც არაპროფესიონალების მიერ ჩავარდნილი საქმე… ავიღოთ მაგალითად “ბარამბოს” ან სადაზღვევო კომპანიების , ძველი “ალდაგის” რეკლამები … ყველა არის გაკეთებული ქართველების მიერ. დაუკვეთეთ მათ! ჩააბარეთ საქმე პროფესიონალებს! და დარწმუნებული ვარ, მოკლე დროში მაღალი ხარისხის და რაც მთავარია ქართველი მომხმარებლისთვის გასაგებ საინფორმაციო კამპანიას მივიღებთ.
და კიდევ ბევრი რამ.. დამღლელია, ერთი და იმავე შეცდომებს რომ უშვებენ და ყველა რომ “ატარებს” ამ შეცდომებს.
კოვიდ სიტუაციის მართვა შესაძლებელი და საკმაოდ მარტივია. არაერთი ქვეყანა უკვე იყენებს ამ მეთოდს. საქართველოსთვის კი გამოსავალი შემდგეგშია:
ვაქცინაცია უნდა იყოს მხოლოდ ერთი ვაქცინით – Pfizer-BioNTech მწარმოებლის ინსტრუქციით (ქართული ჩამატებები არ გვინდა რა)
სამედიცინო პირბადეების გამოყენება ყველგან!
დისტანციის დაცვა ყველგან!
კოვიდ სტატუსის ელექტრონული სისტემის ამუშავება (ევროპული ანალოგი) და თავშეყრის ადგილებში მხოლოდ კოვიდ სტატუსით დაშვება!
სხვა ალტერნატივა ჯერჯერობით არ არსებობს
თავს ნუ ვიტყუებთ“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.