“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე საქართველოში არსბეულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით ვრცელსპოსტს აქვეყნებს:
1. თავიდან მოკლე ანგარიში – საქართველოში ჩამოსვლისთანავე დავით ტვილდიანის უნივერსიტეტში გავმართეთ პრეზენტაცია წიგნისა – „სამედიცინო დაწესებულებების არქივი“. ასევე მქონდა უამრავი შეხვედრა, მოვიარე პრაქტიკულად მთელი საქართველო.
2. ჩემი პოზიცია უცვლელია, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს ქვეყანაში. მქონდა იმედგაცრუებაც, რადგან საქართველოში ვერავინ არ/ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. ვიცოდი, რომ საქართველოში ყოველთვის იყო არაპროფესიონალიზმი, როგორც გამოწვევა, მაგრამ არ მეგონა, არაპროფესიონალიზმის პრობლემა ყველა სფეროში ასე მწვავე თუ იქნებოდა.
3. საქართველოში ბევრი პროფესიონალია, მაგრამ მათი რესურსი გამოუყენებელია. მართვის პულტთან არიან არაპროფესიონალები, რომლებიც ვერ ან უაზრო გადაწყვეტილებებს იღებენ, ეს არის მიზეზი, სადაც არის ქვეყანა და საითკენაც მიდის. მივდივართ არსაით.
4. ამას წინათ დამპატიეს „ჯორჯიან თაიმსის“ ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც შემახვედრეს ნეიროქირურგს და ბალახების გამყიდველ ქალბატონ თინას. გასაგებია, რომ ცნობილი ნეიროქირურგია, მაგრამ ყველამ თავის სპეციალობას მიხედოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვა სხვა სფეროა. თინა თოფურია კი თავისი ანტივაქსერული მოწოდებებით კა გე ბეს ნარატივს ავითარებდა. ეს მავნებლობაა. ასეთი იდეების პროპაგანდას ტელევიზიებმა ეთერი არ უნდა დაუთმონ. ეს ადამიანებს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
5. რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს (სამედიცინო ნაწილზე მაქვს საუბარი), ასევე ვაქცინაციის საბჭო, მარაზმით არიან დაკავებული, ისეთ არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს იღებენ.
6.ზოგიერთი ექიმი ჩინური ვაქცინის პროპაგანდას ეწევა და ჩინური მთავრობის დაფინანსებით ჰონკონგში 360 ადამიანზე ჩატარებული კვლევა მოჰყავს მაგალითად. კარგით რა.
7.“ასტრაზენეკასაც“ გაგახსენებთ. ვინ იყო ამ ვაქცინის წინააღმდეგი? – გიორგი ფხაკაძე. ვყოფილვარ მართალი?! მსოფლიოში “ასტრაზენეკა” უკვე აღარ არის მოხმარებაში. ასევე, ჩინური ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ვინ მომისმინა. გადახედეთ მსოფლიო შედეგებს… ვინ აღმოჩნდა მართალი ეფექტურობის კუთხით?!
8. ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ეფექტურად მუშაობს, არის „ფაიზერი“. სხვა თემაა, რომ ამით კომპანიამ 30 მილიარდი იშოვა, მაგრამ ფაქტია, მათი პროდუქცია ეფექტურია. რატომ ვიტყუებთ თავს? საქართველო არის ტყუილში ჩაფლული ქვეყანა.
9. არჩევნები დამთავრდა. ბატონო კახი კალაძე, გილოცავთ გამარჯვებას. ახლა რეალურ პრობლემებს მივხედოთ. ყველა თქვენს საარჩევნო ბილბორდზე გააკარით მოწოდება – „აიცერით“. ასევე ბილბორდებზე გააკარით ფოტოები, რეანიმაციაში კოვიდინფიცირებულებს რა ემართებათ. ადამიანები დაფიქრდებიან და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
10. საქართველოში კოვიდით ოფიციალურად დღეში 50 კაცი კვდება, სინამდვილეში ეს ციფრი 4-ზე უნდა გამრავლდეს – ქვეყანაში დღეში 200 კოვიდ-სიკვდილია. ამაზე ფხაკაძის გარდა უკვე აღარავინ ლაპარაკობს, არასაინტერესო და არაპოპულარული თემა გახდა. ხალხი დაიღალა, პოზიტივი უნდა, მაგრამ რეალობა სასტიკია – სიკვდილი სიკვდილია.
11. საქართველოში ყოფნისას დავრწმუნდი – ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია არის ნული. ვიყავი ლილოში, ნავთლუღში, დეზერტირებში, ელიავაზე – იქ ადამიანების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა. სადღაც სოფლებში დადიან და 10 ადამიანს უტარებენ აგიტაციას. წადით ასეთ ადგილებში, ასევე ქუთაისის, ბათუმის, ყველა ქალაქის ბაზრობებზე, რეალურად შეხვდით ხალხს, აუხსენით აცრის სარგებელი, გადაარჩინეთ სიცოცხლეები, რა იქნება?!
12. გამოდით კაბინეტებიდან, იქიდან არ ჩანს საქართველო. ხალხი დაბნეულია. შეხვდით ადამიანებს, დაელაპარაკეთ მათთვის გასაგებ ენაზე. მოგისმენენ, დაგიჯერებენ, ნდობაც დაბრუნდება, სიცოცხლეებიც გადარჩება!
13. საქართველოში რეალურად მხოლოდ მოსახლეობის 5%-ია აცრილი. ჩინურით აცრა არაფერს ნიშნავს. თუ ორჯერ აცრილს კოვიდი დაემართა, აღარ ითვლება აცრილად, ხელახლა უნდა აიცრას. სადაა რეალური სტატისტიკა? ელექტონული ბაზა, პასპორტები და ელექტრონული ჯანდაცვა ვერ გააკეთეს.
14. დღეს იყო კულმინაცია – ასტრაზენეკას 15 000 დოზას ვადა გაუვიდა. ზოგ აზიურ და აფრიკულ ქვეყნებში არანაირი ვაქცინა არა აქვთ, ჩვენ ვაქცინებს ვაფუჭებთ.
ჰუმანიტარულად მაინც მივცეთ. რაც შეეხება ჩინურს, მათი ეფექტურობა 2 თვემდეა. დაიმახსოვრეთ, გავა 6 თვე და ნახავთ, გრძელვადიან პერსპექტივაში რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ ჩინურ ვაქცინებს. ამას ჩემს მეტი ვინ გეტყვით?!
15. ევროპა ახალ წელს უშიშრად შეხვდება. საქართველოში კი იქნება განადგურება. ვწუხვარ. ვინ არის დამნაშავე? ყველა. ყველა პარტია ხართ დამნაშავე, ვინც არჩევნებში იღებდით მონაწილეობას. არც ერთს არ გაინტერესებთ მოქალაქე. ამდენი წინასაარჩევნო შეხვედრები გქონდათ. ავრცელებდით ვირუსს. ბილბორდებზე თქვენი კანდიდატების გვერდზე ვაქცინაციის მოწოდება მაინც მიგეწერათ, რა იქნებოდა?
17. ახლა მაინც დამთავრდა არჩევნები, ახლა მაინც გააკეთეთ ვაქცინაციის ბილბორდები. მიტინგების ჩასატარებელი ფული გაქვთ და ვაქცინაციის ბილბორდებია არა?!
18. დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროს მივმართავ, შევარდნაძიდან დაწყებული დღემდე ერთი და იგივე კონსულტანტები ერთი და იმავე რჩევებს რომ გიწერენ, ვერ უნდა მიხვდეთ, რომ შესაცვლელი არიან?! ბოლოს და ბოლოს ფხაკაძეს დავიქირავებდი. გითხარით, 1 ლარად ვიმუშავებ. ასი ათასობით ფული გაქვთ დახარჯული ისეთ რამეებში, რაც არ მუშაობს. როგორ შეიძლება სიცოცხლეებზე ფულის გაკეთება?!
19. საქართველოში ვერ ვიგრძენი, რომ კოვიდია, საქართველოში არის სიკვდილი და პოლიტიკური პანდემია. ჯერ ნაცებმა მოაწყვეს მიტინგი, მერე ოცნებამ. ერთ კვირაში ნახეთ, ინფიცირება და სიკვდილიანობა როგორ გაიზრდება.
20. რატომ ვამბობდი, რომ პანდემიისას არჩევნები მავნებელია? საქართველოში არჩევნები ნიშნავს წინასაარჩევნო უკონტროლო მობილობას, მიტინგებს, არჩევნების შემდეგ ისევ უკმაყოფილო მასის აქციებს და ეს ყველაფერი არის ვირუსის გავრცელების კერები. ორივე პარტიას დავაყარე მიწა და წყალს გავაყოლე, იმიტომ, რომ ადამიანზე არ ფიქრობს არავინ. ხალხო, თქვენ მაინც რაზე ფიქრობთ?! საკუთარ თავზე იფიქრეთ.
21. პანდემია რომ არ იყოს, მე საჯაროდ დავუჭერდი მხარს ან ერთ პარტიას, ან მეორეს, ან რომელიმეს, მაგრამ ამ პანდემიის დროს პარტია არის მხოლოდ ერთი და ეს არის საქართველო. ამ პარტიისათვის უნდა გააკეთოთ ყველაფერი! უნდა გაწიროთ თქვენი ინტერესები, რესურსები, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთს არ უნდა, ამ პარტიას დაუჭიროს მხარი.
22. მითხარით, ვინ ფიქრობს საქართველოზე? დამისახელეთ, ვინ თქვა, რომ არ ჩავატარებთ არჩევნებს, მინდა გადავარჩინო საქართველოს მოქალაქეები და არ მინდა, ჩემი ქმედებით თუნდაც ერთი ადამიანის სიკვდილს შევუწყო ხელი?! დღეში 50 ადამიანის გარდაცვალება იქცა ჩვეულებრივ სტატისტიკად. რეალურად კი ეს ციფრი 200-მდეა.
23. კიდევ გავიმეორებ – სოლოლაკში ჩემს სახლთან სამსართულიანი სახლის ნაცვლად 8 სართულიანს მიშენებენ, სახლი ლამის დამიბზარეს, ნივთები დამემტვრა, მე-16 საუკუნის მარანი დაანგრიეს და მერია არა ქალაქის, არამედ მშენებელი კომპანიის ინტერესებს იცავს. გუდიაშვილის პარკში, ზუსტად ისეთივე მარანს რესტავრაცია გაუკეთეს, 200 მეტრზე ასათიანის ქუჩაზე კი დაანგრიეს. ეს არის არაპროფესიონალიზმი. თან იძახიან, ძველ ქალაქს ვიცავთო. ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ, ამიტომ არ არის ნდობა, ამიტომ არ იცრება ხალხი, ეს არის სისტემური პრობლემა – ქვეყანაში ნდობის ტოტალური დეფიციტია.
24. NCDC ვერ აკონტროლებს დაავადებებს, ვერ აგროვებს სტატისტიკას. უცხოურ კომპანია „მეტრომანზეა“ მიბმული, ასევეა პირბადის გამოყენებაზეც, რაღაც ფეისბუქ – კომპანიის მონაცემებს ეყრდნობიან, საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვლევას არ ატარებს. მერე გამოდიან შეწუხებული სახეებით, ხალხი რატომ არ იცრებაო. იმიტომ, რომ არაფერს აკეთებთ და არავინ გენდობათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი დისკრედიტაციას უკეთებს ჯანდაცვის სამინისტროს. ეს არის რეალობა.
25. ფხაკაძემ პირბადეების ხარისხი ასწია, ფასი დასწია, საბავშვო პირბადეები შემოატანინა ქვეყანაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რა გააკეთა? ჯიპები იყიდეს, მაგრამ პირდაბეების ხარისხის დამდგენი ერთი ლაბორატორიაც კი ვერ ჩამოიტანეს.
26. ზოგიერთი კოლეგა ამბობს, რომ კოვიდგადატანილებს იმუნიტეტი იცავს და არაა აცრა საჭირო, ტყუილია, ვინც გადაიტანა კოვიდი, 30 დღეში უნდა აიცრას. გთხოვთ, ყველა ექიმმა თავის დარგს მიხედოს, ნუ ჩაერევიან საზოგადოებრივ ჯანდაცვაში და ნუ აბნევენ ხალხს. ეს არის ადამიანების განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობა.
27. ზოგი ჩემი კოლეგა ოცნების სპიკერი გახდა, ზოგი – ოპოზიციის. პოლიტიკა ექიმის საქმე არ არის, გეუბნებით, გამოგიყენებენ, მიგაგდებენ. შეეშვით. გთხოვთ, მიხედეთ პაციენტებს.
28. კიდევ ერთ თემას შევეხები – ქალბატონი დეა ადამიას გარშემო ატეხილი სკანდალი…
მე არ მომწონს, ის როგორ ამბობს, მაგრამ ის მართალს ამბობს. საქართველოში არ გვაქვს დამოუკიდებელი მედექსპერტიზა. არ გვაქვს დამოუკიდებელი აკრედიტაცია, რასაც ვცდილობ, გავაკეთო და მხოლოდ ხელს მიშლიან. ყველა ეწინააღმდეგება, რომ ჩამოვაყალიბო სააკრედიტაციო ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებელი იქნება ხელისუფლებისგან, კლინიკებისგან, ყველასგან, რომ რეალურად შევაფასოთ, რომელია კარგი საავადმყოფო და რომელი ცუდი. არავის უნდა, ეშინიათ. მე მაინც ვაკეთებ. მოვა ამის დრო.
29. უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემასაც ვაკეთებ, უფასოდ, უანგაროდ. იმის ნაცვლად, რომ ყველა სამედიცინო ასოციაცია, ყველა ექიმი გვერდით დამიდგეს, მეწინააღმდეგებიან.
30. დასასრულს – ვაქცინა, რომელიც არის ექსპერიმენტული და არ არის ავტორიზებული, ვერ იქნება სავალდებულო. ვაქცინა, რომელიც უკვე აღიარებულია, ის შეიძლება, იყოს სავალდებულო. საკოორდინაციო თუ ვაქცინაციის საბჭოს მოგმართავთ, დაამტკიცეთ ფაიზერი, როგორც აღიარებული. საქართველოს ჯანდაცვის კანონის მიხედვით, როგორც კი ეს ვაქცინა იქნება აღიარებული თქვენი კოლექტიური გადაწყვეტილების შედეგად და იქნება მინისტრის ბრძანება, ეს ვაქცინა შეიძლება გამოცხადდეს სავალდებულოდ 16 წლიდან.
31. რატომ არ აკეთებთ ამას? პოლიტიკოსების გეშინიათ? მივმართავ პოლიტიკოსებს – ხომ დამთავრდა არჩევნები, ახლა მაინც მიხედეთ სახელმწიფოს. აიღეთ ევროპის, საფრანგეთის მაგალითი. საფრანგეთში 12 წლის ზევით 87% აცრილია, ხოლო 16 წლის ზევით – 92% აცრილია.
32. პოლიტიკოსებო, იქნებ შეეშვათ ჯანდაცვას. ამა თუ იმ პარტიასთან აფილირებულო ჯანდაცვის ექსპერტებო, როგორ არ გამოხვედით საჯაროდ და არ თქვით, რომ ემიჯნებოდით პანდემიის დროს დიდი მიტინგების ჩატარებას, რომელიც კოვიდგავრცელების კერებია?!
33. საქართველოში უკვე ჩამოვიდა ე.წ. „დელტა ვირუსის“ შვილიშვილი, რომელიც ამ მიტინგებით კიდევ უფრო ინტენსურად გავრცელდება. რუსეთში, რუმინეთში, უკრაინაში, მძიმე მდგომარეობაა, 2 კვირაში ჩვენ ვიქნებით შემდეგი. ზამთარი იქნება უმძიმესი.
34. გამოსავალი – ფაიზერის 2 დოზით ვაქცინაცია, სამედიცინო პირბადე, აერიდეთ თავყრილობებს, ნუ დადიხართ მიტინგებზე, დაიცავით დისტანცია. ვუშველოთ საკუთარ თავს, სხვა არავინ გვიშველის, მივხედოთ ერთადერთ პარტიას – ამ პარტიას ქვია საქართველო!
35. კიდევ ერთხელ მოგმართავთ – ბატონო კახი, საქართველოს მთავრობა, გილოცავთ, თქვენ მოიგეთ, ქვეყანა თქვენია, დაამთავრეთ არჩევნებზე საუბარი და საქმეს მიხედეთ. ბილბორდებზე გააკარით ვაქცინაციის მოწოდებები, გადადით მხოლოდ ფაიზერით ვაქცინაციაზე, შემოიღეთ სავალდებულო ვაქცინაცია ავტორიზებული ვაქცინით ისე, როგორც ევროპაში. და თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, დაგეხმარებით, ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.