საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრის, კოტე იოსელიანის საქმეს ეხმაურება.
მისი თქმით, „რეჟიმი არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს ლაპარაკიც კი.“
„არ შეიძლება, რომ არ ვიყოთ ყველანი შეშფოთებულები იმით, რაც მოხდა კოტე იოსელიანის შემთხვევაში, ეს გატაცება, მუქარა, თუ რაც იყო, იმიტომ რომ ადამიანმა მოსაზრება, შესაძლოა, არაკორექტული, გამოთქვა 8 წლის წინ და ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს, არის განაჩენი ამ რეჟიმისთვის. რეჟიმი გვაჩვენებს, ყოველღიურად როგორი შეშინებულია თვითონ, როგორი არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს არა მხოლოდ ლაპარაკი, თუნდაც ფეისბუქპოსტებზე რაღაცების დაწერა. ეს არის სრული კონტროლის მცდელობა, უკვე გადავედით ჩრდილო კორეის დონეზე. მხოლოდ დ ამხოლოდ სისუსტის ნიშანია, არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც გააჩნია შიდა იმპერია, რომელსაც აქვს მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის, რაც არ უნდა დიქტატორული რეჟიმი იყოს, მაგრამ თუ აქვს, ოდნავ მაინც, საკუთარი მოსახლეობსი მხარდაჭერა, ასე არ იქცევა და არ სჭირდება, რომ ასე მოიქცეს, ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავგმოთ ეს მოქმდება, მეორეს მხრივ კი ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ამ საქმესთან დაკავშირებით, კოტე იოსელიანის პირველი კომენტარი იხილეთ ბმულზე
შეგახსენებთ, იოსელიანის მეუღლემ, ენმ-ის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მის ქმარს უტა ივანიშვილთან დაკავშირებული ვიდეოს ჩაწერამდე საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ, შემდეგ კი ის გაიტაცეს.
კოტე იოსელიანმა facebook-ზე გამოაქვეყნა 50-წამიანი ვიდეო, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
„ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად, რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა ფეისბუქპოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ერთადერთი, რაც ვიცი, მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი. მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელად ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს“, – ამბობს იოსელიანი ვიდეოში.
ამასთან, იოსელიანმა 2018 წელს გააკეთა განცხადება, რომლითაც მიანიშნებდა უტა ივანიშვილსა და ერთ-ერთ ცნობილ საჯარო ფიგურას, პოლიტიკოსს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამ განცხადებიდან მეორე დღესვე მან საჯარო ბოდიში მოიხადა. თავად განცხადებებში ის სხვების პირად ცხოვრებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ქალაქში მოსიარულე ჭორებს მიაწერდა.