ენმ-ის თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ თავისი ქმრის, კოტე იოსელიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.
ბოკუჩავას განცხადებით, კოტე იოსელიანს ვიდეოს ჩაწერამდე საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ, შემდეგ კი ის გაიტაცეს.
„ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ სამ შვილთან ერთად, ღამით 5 ნიღბიანი თავს დაესხა ჩემს მეუღლეს, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენება მათ ვერ შეძლეს. ამის შემდეგ თვალები აუხვიეს და ჩასვეს მანქანაში. თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. თუმცა ტრაექტორიიდან გამომდინარე ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის “მოდულის” შენობაში ჰყავდათ.
ადგილზე მიყვანის შემდეგ 8 საათის განმავლობაში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ისინი ჩვენი 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას უსახლებდნენ, მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა და მას ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით“, – ამბობს ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა facebook-ზე გამოაქვეყნა 50-წამიანი ვიდეო, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
„ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად, რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა ფეისბუქპოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ერთადერთი, რაც ვიცი, მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი. მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელად ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს“, – ამბობს იოსელიანი ვიდეოში.
ამასთან, იოსელიანმა 2018 წელს გააკეთა განცხადება, რომლითაც მიანიშნებდა უტა ივანიშვილსა და ერთ-ერთ ცნობილ საჯარო ფიგურას, პოლიტიკოსს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამ განცხადებიდან მეორე დღესვე მან საჯარო ბოდიში მოიხადა. თავად განცხადებებში ის სხვების პირად ცხოვრებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ქალაქში მოსიარულე ჭორებს მიაწერდა.