“ქართული ოცნება” გეგმავს, უჩივლოს მათ, ვინც სოციალურ ქსელებში თანამდებობის პირების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს გამოიყენებს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიას თქმით: “საჩივარი, რომელიც დღეს შევა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეხება სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ იმ უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას, რომელიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ“.
“სიძულვილის ენა – იქნება ეს ორკესტრირებული შეურაცხყოფა, მიზანმიმართული კამპანია თუ პოლიტიკური ძალადობის წახალისება, — ვერ იქნება ქართული პოლიტიკის ნაწილი. უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტები არ ერიდებიან უშვერი სიტყვებით ლანძღვას, მუქარას, ბულინგს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფას, რამაც, როგორც აღვნიშნეთ, იმდენად მასშტაბური და სისტემური ხასიათი მიიღო, რომ ტერორზე რეაგირება არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულებაა“, – თქვა კირცხალიამ.