საქართველოში ახალი ფორმის პასპორტის და პირადობის მოწმობის გაცემა 2025 წლის პირველი აგვისტოდან დაიწყება.
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის, მუდმივი ბინადრობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობების ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები, იუსტიციის მინისტრის 2025 წლის მარტის ბრძანებით, მიმდინარე წლის 4 ივნისიდან უნდა შეცვლილიყო.
მარტის ბრძანებაში ცლილება 30 მაისს შეიტანეს. ამ ახალი ბრძანებით ვადასთან ერთად გარკვეული ცვლილებები შევიდა მოწმობების ტექნიკურ მახასიათებლებშიც. მაგალითად:
ახალი მოწმობა დამატებით უნდა შეიცავდეს „ინტეგრირებულ მე-4 დონის დამცავ ერთ ნიშანს, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც კონფიდენციალური“;
ახალი ბრძანებით, „მოწმობაზე დაიტანება დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდებები ინიციალებით, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს [სემგს] რეგისტრაციის ნომერი“;
მოწმობა უნდა შეიცავდეს ასევე: „სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც განკუთვნილია მოწმობის ან/და მასზე დატანილი [ჩაწერილი] მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვისათვის,“ ასევე „მფლობელის თითის ანაბეჭდს“.
ამასთან, „ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი შესაძლოა შეიცავდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, მის შესაბამის ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემებს, ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ აქტივაციის მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს;
ასევე, ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, მის შესაბამის ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემებს, ავთენტიფიკაციის შექმნის მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისაგან დამცავ მონაცემებს და მისი გამცემი ორგანოს სერტიფიკატს, რომლებიც დაიტანება [ჩაიწერება] მხოლოდ მფლობელის მოთხოვნით.“ – აღნიშნულია ახალ ბრძანებაში.
ძალაში კვლავ რჩება აკრძალვა, რომ ელექტრონული მოწმობების ინდივიდუალური ნომრის ნიშნებში ციფრების კომბინაცია არ შეიძლება იყოს ისე, რომ იკითხებოდეს რიცხვი 666 [მაგალითად, ბარათის ნომერში არ შეიძლება იყოს ასეთი კომბინაციები − 666XX, X666X ან XX666].
რაც შეეხება პასპორტს, იუსტიციის მინისტრის 2025 წლის აპრილის ბრძანებით, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ახალი ფორმის გარდა დამტკიცდა ასევე „ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები“.
აღნიშნული დოკუმენტებიც შეცვლილი ფორმით, 2025 წლის ივნისის ნაცვლად აგვისტოდან უნდა გაიცეს.
ამასთან, უკვე გაცემული ყველა დოკუმენტი [პირადობა, პასპორტი და სხვა] პირველი აგვისტოდან რჩება მოქმედი – კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.