დღეს, 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია. მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტური 40 საარჩევნო ოლქსა და 1869 საარჩევნო უბანზე ტარდება.
ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს.
მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს 2 088 722 მოქალაქეა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.
ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც პირველად ეძლევათ შესაძლებლობა არჩევნების მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა, ვინაიდან მათ კენჭისყრის დღისთვის საარჩევნო ასაკი უსრულდებათ, არის 2 069.
არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში იმართება.