პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ე.წ. რძის სკანდალზე სხდომა იმართება.
მისი თქმით, საკვები და მისი დაცულობა არის ნომერ პირველი თემა მოქალაქეებისთვის.
„ახლა მოვედი თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც განიხილება რძის ხარისხის საკითხი. ეს საკითხი ადარდებს თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველა მშობელს. არ ვაპირებ ხელი ავიღო ამ საკითხზე, მე დავპირდი ჩემს ხალხს, რომ ამ საქმეს ბოლომდე გავყვებოდი. ზოგადად, ახლა რაც ხდება ქვეყანაში მე არ ვმონაწილეობ, მე არ ვარ ანალიტიკოსი, მე ვარ პოლიტიკოსი. პოლიტიკოსის საქმეა გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ მოქმედება. მე რომ ვიყო ხელისუფლებაში სწორედ ამ საკითხზე მოვაწყობდი საგამოძიებო კომისიას და არა სხვა საქმეზე. საკვები და მისი დაცულობა არის ნომერ პირველი თემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩეკურაშვილი, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე არ გვპასუხობს კითხვებზე, თუ რა ნაბიჯები გადადგა სააგენტომ და რა ზომები მიიღო მავნე ნივთიერების აღმოჩენის შემდეგ. სწორედ ამიტომ ასე სასამართლო სხდომებზე სიარულით და სხვადასხვა შეხვედრებით მიწევს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები საქმის კურსში ჩავაყენო“, – განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2018 წელს „ყვარლის ბაგამ“ „ჩირინასგან“ დაახლოებით 2 700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა.
გამოძიების ცნობით, ერთი წლის თავზე, „ყვარლის ბაგამ“ განაცხადა, რომ „ჩირინაში“ ნაყიდმა სკინტლმა, რომელსაც ძროხებს აჭმევდა, საქონელი დაუხოცა და 1.65 მილიონი ლარის ზარალი მიიღო, ხოლო „ჩირინამ“ უპასუხა, რომ ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა – საკვებად.
„ყვარლის ბაგამ„ სასამართლო დავა მოუგო „ჩირინას“ („ბიუ-ბიუ“), რომელსაც 4.7 მილიონის გადახდა დაეკისრა.