გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 79-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” – რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სახლებში დაბრუნების უფლების მხარდაჭერას.
დოკუმენტს მხარი 107-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 9 ქვეყანამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, 49 ქვეყანა კი კენჭისყრას არ ესწრებოდა.
ქვეყნები, რომლებმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა: ბელარუსი, კუბა, ჩრდილო კორეა, ეკვატორული გვინეა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი, სუდანი, ზიმბაბვე.
დოკუმენტის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ჩინეთმა, რომელსაც აღნიშნული რეზოლუციისთვის მხარი არც შარშან დაუჭერია. იგივე პოზიცია ჰქონდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც.