ის, რაც იწყება დღეს მედიის წინააღმდეგ, არის სუფთა ორუელის წიგნიდან წამოსული რაღაც წესები და ახალი მცდელობები, რომ კიდევ უფრო შეზღუდონ საზოგადოება, თუმცა ამ დროს, ეს საზოგადოება იბრძვის და ამ პროტესტს ვერ მოერევიან, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, რეპრესიების ახალი ტალღა არის ამ ხელისუფლების სისუსტის ნიშანი.
[…]”რეპრესიები რომ გრძელდება და რეპრესიების ახალი ტალღა რომ იწყება, ესეც არის ამ ხელისუფლების სისუსტის ნიშანი. ის, რაც იწყება დღეს მედიის წინააღმდეგ, ანუ ის მცდელობა, რომ მედიაში გაკონტროლებული იყოს თქვენი ყოველივე სიტყვა და სიტყვების აკრძალვა დაიწყოს, ეს ხომ არის სუფთა ორუელის წიგნიდან წამოსული რაღაც წესები და ახალი მცდელობები, რომ კიდევ უფრო შეზღუდონ საზოგადოება. ამ დროს, ეს საზოგადოება დღეს იბრძვის, პროტესტი გრძელდება და ამ პროტესტის ვერ მოერევიან. ვერ მოერევიან თუ არ გაჩნდა ის, რაც ერთადერთი რეალური ბერკეტის ხელისუფლებას: საზოგადოებაში შეიტანონ რაღაც გაუგებრობები, იმედგაცრუება, გახლეჩა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ. ანუ, ერთიანობა იმაში, რომ ჩვენ მხნედ და გამართულად ვიდგეთ და გაგაგრძელოთ ეს ბრძოლა ბოლომდე და ის ბოლო უკვე მოჩანს,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.