მიხეილ ყაველაშვილმა „პირველი არხის“ გადაცემას – „აქტუალური თემა“ – ვრცელოი ინტერვიუ მისცა.
ის სხვადასხვა საკითხს შეეხო, მათ შორის, შეწყალებას უფლებას.
„შეწყალების უფლება კი გაქვს, მაგრამ ვერ მისცემ შენს თავს უფლებას, რომ ამა თუ იმ საკითხში თუ არსებობს დამნაშავე, მას ჰყავს დაზარებული და შენ აქტს აკეთებ და დამნაშავეს უშვებ, ესე იგი, არ ხარ მართალი, არასწორი ხარ და ეს შეუძლებელია.
ძალიან მკაცრად მაქვს ეს საკითხი დაყენებული. ეს უწყებები ამ პროცესებს ერთად გადიან და შემდეგ ხდება შეჯერება, პასუხისმგებლობის გადანაწილება, რომ ყველა ვთანხმდებით ამა თუ იმ ადამიანზე, რომ ეს ადამიანი არ იქნება საშიში და მივცეთ შესაძლებლობა, თავისუფლება იხილოს, მაშინ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას.
რა თქმა უნდა, ეს უდიდესი სიამოვნებაა, რომ ადამიანს ასეთ შესაძლებლობას აძლევ. ეს მუდამ ასე იყო, მაგრამ რასაც ამ ახალგაზრდებთან მიმართებაში მეკითხებით – ამის გააზრება თუ არ მოხდება, რომ დანაშაული თუ ჩავიდინე, დამნაშავე ვარ და ვაგებ პასუხს.
მეორე თემაა, ისეთი იდეებით თუ ვარ შეპყრობილი, ბოლშევიკები, დეკაბრისტები პირდაპირ რომ მიდიოდნენ და ეწირებოდნენ, ციხეშიც მიდიოდნენ და არც შეწყალებას ითხოვდნენ, დიახაც, იმიტომ ჩავდივარ ამ დანაშაულს, იმიტომ განვახორციელე ეს აქტი, ეს ხელისუფლება ჩემთვის მიუღებელია და მტერია. ორი მხარე უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ შეწყალების აქტი შედგეს. მე ვერ განვახორციელებ შეწყალებას, მეორე მხარეს გათავისებული თუ არ აქვს, რომ მე ის უნდა შევიწყალო; ეს პროცესი არის მთავარი განმაპირობებელი. ეს თუ მოხდება და ეს გააზრება შედგება, რა თქმა უნდა, ესეც შეიძლება, მოხდეს შემდეგ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.