შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ საერთო განცხადებას გადაცემა „იმედი LIVE“-ში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„წარმოუდგენელია ასეთი რამ იკადრო, რომ ეროვნულ დღესასწაულზე ხალხს მიაყენო შეურაცხყოფა. ეს სამკუთხედი როცა ამბობს ხალხს, იქ გულისხმობს რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველს. იქ „ქართული ოცნება“, მისი ამომრჩეველი, 1 120 000 ადამიანი წაშლილი ჰყავთ საერთოდ თანამედროვე ისტორიიდან.
როდესაც სახელმწიფოს მეთაურები თავის თავზე იღებენ სხვა ხალხის სახელით საუბარს, ეს არადემოკრატიულია. საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუცია მანდატი გერმანიის კანცლერისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტისთვის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრისთვის. და ისინი გვესაუბრებიან ქართველი ხალხის სახელით. ეს დემოკრატია კი არა, მე-19 და მე-20 საუკუნის მიდგომებია. 21-ე საუკუნეში რანაირად ხდება ამ ყველაფრის ასე ურცხვად აფიშირება, ჩემთვის გასაკვირია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მაკრონის, ტუსკისა და მერცის საერთო განცხადება:
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს, ქართველ ხალხს გავუგზავნოთ მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს მათ მზაობას, იყვნენ ევროპული ოჯახის ნაწილი.
ამიტომ, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომლებმაც გამოიწვია დემოკრატიული უკუსვლა და თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს დაცული. გადაჭარბებული ძალადობის შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული. უნდა შეიცვალოს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და აუცილებელი რეფორმების პროცესი კვლავ უნდა განახლდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
საქართველოს მოსახლეობას არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები.“