ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის სალჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და თუ ელჩს სურს, რაიმე პოზიცია გაუზიაროს, ან წერილი გადასცეს, ამისთვის არის შესაბამისი უწყებები. ასე რომ, ნუ ართულებენ ურთიერთობებს. წინა ადმინისტრაციის დროს, ისედაც საკმაოდ ჩიხში შეიყვანა [ურთიერთობები] იმ არასწორმა პოლიტიკამ. პირიქით, ჩვენ მზად ვართ, რომ პოზიტიურ რელსებზე გადავიდეს [ურთიერთობები] და მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ…
რატომღაც ზოგიერთ ელჩს ავიწყდება, რომ მისი მოვალეობა არის არა შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ სახელმწიფოთა შორის და ხალხთა შორის ურთიერთობის განმტკიცებაა. ვწუხვარ, მაგრამ უნდა შევახსენოთ, იქნებ წაიკითხონ ეს ვენის კონვენცია. იქნებ ეს საერთაშორისო ურთიერთობები ხელახლა გადაიკითხონ. მოვუწოდებთ ელჩებს, შეეშვან ამ თავხედობას. ზღვარი აქვს ყველაფერს“, – აღნიშნა ზარქუამ.
შეგახსენებთ, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ „სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ“, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა.