“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დამსახურებული სასჯელი უნდა მოიხადოს.
„უკვე ძალიან დავიღალეთ ყოველ წუთს და მთელი დღე ინფორმაციით იმის შესახებ, როგორ არის მიხეილ სააკაშვილი. მიმაჩნია, რომ არანაირად არ შიმშილობს, გადასხმასაც კარგად იღებს, მედიკამენტებსაც იღებს, ასევე თაფლითა და წვენებით იკვებება მშვენივრად. ეს არ არის შიმშილობა. კონსილიუმი შედგა, არაფერი მას არ სჭირს, არც სასიკვდილო და არც ცუდად ყოფნის. ასე რომ, სადაც ბრძანდება, იქ უნდა იყოს. მადლობა თქვას, რომ იმ პირობებში არ არის, რა პირობებშიც თვითონ ჰყავდა ხალხი. არაფერი არ სჭირს მას, რას ჰქვია, კიდევ აქეთ ულტიმატუმებს რომ აყენებს, სამოქალაქო საავადმყოფო უნდა, შესანიშნავი პირობებია. ციხის საავადმყოფო აჩვენეს გუშინ, გადასარევი პირობებია. ასე რომ, სადაც ბრძანდება, მადლობა თქვას და მოიხადოს ის, რაც ეკუთვნის. არავითარი გადაყვანა არ სჭირდება.
რას ჰქვია, ეს უნდა თუ ის უნდა. რას წარმოადგენს. უამრავი პატიმარია, რომელსაც მაგდენი დანაშაული არ აქვს ჩადენილი და მაშინ ყველას შეუსრულონ ყველა მოთხოვნა, რასაც საკანში ითხოვენ, რით არის პრივილეგირებული, რომ დააქცია ქვეყანა და ამოწყვიტა ოჯახები? არავის აინტერესებს მისი მოთხოვნები და ის რაღაც მისი ორი კინკილა მომხრე და მისი ადვოკატები რასაც ამბობენ, ეს არაფერს ნიშნავს. მან უნდა მოიხადოს სასჯელი, რაც ეკუთვნის. მას სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის და არა ექვსი წელი. უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რაც დააშავა ერისა და ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
https://mix.metronome.ge/22847-2/