„ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ისაუბრა.
ვოლსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე.
„აქცია მნიშვნელოვანწილად სცილდებოდა იდეას, რასაც საქართველო ჰქვია, მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე საქართველოს შეძახილები იყო. პაატა ბურჭულაძეც, პუტინისთვის მომღერალი კაცი ეცადა, რომ თავის თავი წარმოედგინა, როგორც საქართველო. ამბობდა, მე ვარ საქართველოო. მათი მცდელობა ვერ შედგა, რადგან ბოლოს უსტვინეს „ენა, მამული, სარწმუნოების“ ლოზუნგით გამოსულ ადამიანებსაც და შეეცადნენ, რომ 26 მაისს ამის კომპენსაცია მოეხდინათ. ეს იმდენად სასაცილო და უნიათო თამაშია, თანაც უსინდისო, რომ რასაკვირველია, ამის უკან რა ბოროტებაც არის ჩადებული, ყველასთვის ნათელია. ბოროტება, რომელიც არ ნელდება, რომელიც ჩვენს მიმართ ასეთი მუდმივი უტიფარი შეტევით ხასიათდება.
ორი პარალელური სამყარო არ არსებობს. ერთი სამყარო არსებობს, სადაც ეს უნიათო მარიონეტები ცდილობენ, ქვეყანა აურ-დაურიონ. „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“ – სალომე ზურაბიშვილის ფაქტორია. უნიათო ადამიანი, რომელიც აზრზე არ არის, რა ხდება. უნდა, თავი პატრიოტად წარმოადგინოს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ მისი სტუმრად ჩამოსული ევროპარლამენტარი სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რასაც საქართველოს ნგრევა ჰქვია. აშკარად დაბნეულია, მაგრამ ფაქტია, რომ იგი არ არის ქართული სულით განწყობილი და რასაკვირველია, იმ სტრატეგიას აჰყვება, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია. უნდა, რომ ამაში ოპოზიციურ ფლანგზე, ყველა ჩაითრიოს, მაგრამ არ გამოსდის, რადგან არ შეუძლია, მეტი ინტელექტი არ აქვს, გარდა იმისა, რაც თავში აქვს ჩადებული და რასაც კარნახობენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.