ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა, „ნაპოლიმ“ გუშინ მეოთხე სკუდეტო ოფიციალურად გაიფორმა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სერია ა-ს რეგლამენტში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელი, რომელიც ტიტულის მოგების მომენტში გუნდში არ ირიცხება, ჯილდოს ვერ მიიღებს.
შესაბამისად, კვარა, რომელმაც ნეაპოლური კლუბი ზამთარში დატოვა, იტალიის ჩემპიონატის მეორე ოქროს მედლის გარეშე რჩება.
ამასთან, გუშინდელი ჩემპიონობის შემდეგ, „ნაპოლის“ ფანების ერთი ნაწილი ქართველ შემტევს სოციალურ ქსელში აკრიტიკებდა:
„წინა სკუდეტო ოსიმენმა მოგვიტანა, შენი როლი კი მედიამ გადააჭარბა“;
„კვარაცხელია, შენ კარგად იცოდი, რომ ეს მოხდებოდა“;
„შენი წასვლის შემდეგ უფრო გუნდურები გავხდით“;
„ერთმანეთს არც კი შეადარო საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონობა“;
„გუნდს მოუხდა კიდეც, რომ გუნდიდან წახვედი“;
„მანდ ფულია, აქ კი დიდი სიყვარული“, – წერენ ფანები პლატფორმა X-ზე.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ერთ-ერთი საუკეთესო, გულშემატკივრებისთვის კი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო.
შეგახსენებთ, კვარამ „ნეაპოლი“ იანვარში, 70 მილიონის სანაცვლოდ, დატოვა და კარიერას „პსჟ“-ში აგრძელებს.