დღეს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესზე იკითხებოდა დაზარალებული მოწმე პოლიციელი, რომელმაც განაცხადა, რომ არ ახსოვს, დაზიანებები ვისგან მიიღო და არ შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს, წარმოდგენილი ბრალდებულებიდან ვინმემ ჩაიდინა თუ არა კონკრეტული ქმედება.
“მე ვერ დავადასტურებ რომ ამ ხალხმა ისროლა რამე და ვერც უარვყოფ, ძალადობაზე პრეტენზია ყოველთვის მაქვს, ვგმობ ამას ნებისმიერის მხრიდან. ეს მხოლოდ ნერვების არა, ჯანმრთელობის ფასად [გვიჯდება]. დაზარალებული პოლიციელების უკან ოჯახები დგანან, ადვილია პოლიციაზე გინებები, ისინიც ადამიანები არიან, ჩემი კოლეგები და მეც. ვიღაცამ ქვა ისროლოს და გაგწიროს, არაფრის გამო, შეიძლება ის ქვა საფეთქელში, თავში მოგხვდეს, მთელი ცხოვრება შშმპ დარჩე, ჩემთვის მიუღებელია….
მე კონკრეტულად ვერ გეტყვით, ესენი არიან თუ – არ არიან, მაგრამ ვინც ეს ჩაიდინა, პრეტენზია მაქვს.
იყო შეძახილები, უწმაწურ სიტყვებს იყენებდნენ, ამას მთლიან აქციაზე ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ აგრესია იყო, მშვიდობიანი მონაწილეებიც იყვნენ იქ, რომლებიც აგრესიას არ გამოხატავდნენ…
იყო მშვიდი ხალხიც, ისინი თავიანთ პოზიციას მშვიდად და წყნარად გამოხატავდნენ, იყო ჯგუფი, რომელიც აგრესიას გამოხატავდა, ვერ გეტყვით, რატომ. იყო იქ 200-300 ადამიანი, რომელიც სულ აგრესიულად იქცეოდა, იგინებოდნენ, მოდიოდნენ ახლოს, სადაც ჩვენ ვიყავით… პირისპირ რომ გაგინებს დედას, გამომწვევად იქცევა, თმენის ვალდებულება გვაქვს, მაგრამ ძნელი მოსასმენია. ნივთების სროლა დაიწყეს – იყო ქვები, ერთი შუბლის არეში მომხვდა, სასწრაფოს მანქანაში აღმომიჩინეს დახმარება, შემდეგ კავკასიის ეროვნულ ცენტრში გადამიყვანეს, ჭრილობა გამიკერეს, მედიკამენტები დამინიშნეს.” – აცხადებს ის.
შეგახსენებთ, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.