საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრი და პროგრამის ოფიცერი გაფართოების საკითხებში, დიპლომატი საიმონ ვანდერბრუკი ქვეყანაში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან უკან გააბრუნეს.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის სათანადოდ აკრედიტებული წევრისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას.
ევროკავშირის წარმომადგენლობის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ინციდენტის გამო სიტყვიერი ბოდიში მოიხადა და დაადასტურა, რომ მას შეუძლია ქვეყანაში დაბრუნება.
„საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ 21 მაისს, თბილისის აეროპორტში ჩასვლისთანავე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთ-ერთ წევრს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცა. ევროკავშირის წარმომადგენლობის სათანადოდ აკრედიტებული წევრისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც საქართველოს აქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გაეგზავნა. საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილზე“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ განცხადებაში.