“დღეს დადგა კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო დღე “ქართული ოცნებისთვის”. ის რაც მოაწყვეს, ეს პოლიციური თავდასხმა, პრაქტიკულად არავის შეშვება, გადატანა პატარა დარბაზში, ყველაფერი ის რაც სცადეს დღეს, იმისთვის, რომ ეს ბოლოს დამთავრებულიყო იმითი, რაც ყველამ იცოდა რომ ზურაბ ჯაფარიძე გადაეცა წინასწარ პატიმრობაში, არის სამარცხვინო”- ასე ეხმიანება მეხუთე პრეზიდენტი ზურაბ გიჩი ჯაფარიძის დაკავებას.
“არანაირ სამართალთან კავშირი არ აქვს, ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე, რომელიც იმის ნიშანია, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე.
ერთის მხრივ გვყავს საზოგადოებრივი აქტივისტები, თუ საზოგადოებრივი მოღვაწეები, რომლებიც არიან ციხეში სრულიად არაფრისთვის. შემდეგი ეტაპი არის რომ შეეხოს ეს პოლიტიკურ ლიდერებს, ამისთვის იყო შექმნილი ეს საგამოძიებო კომისია, არა იმისთვის, რომ გამოიძიოს წინა რეჟიმის დანაშაულები, არამედ იმისთვის, რომ საშუალება გამხდარიყო, რომ დაეჭირათ სწორედ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უნდათ, რომ დაინახონ ციხეში.
სამარცხვინო არის ეს “ქართული ოცნებისთვის”. ეს არის ნიშანი მათი უსუსურობის, მათ აღარ იციან რეპრესიები საითკენ და სადამდე წაიყვანონ. ყველა რეჟიმი, რომელიც ასეთ დღეშია და ამ რეპრესიებს მიმართავს არის განწირული იმისთვის, რომ დასრულდეს. გამძლეობა გვჭირდება ნამდვილად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს გამოტანილი განაჩენი, არის გამოტანილი განაჩენი “ქართული ოცნებისთვის”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა – პოლიტიკოსი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, ჯაფარიძეს ბრალი 16 აპრილს წარუდგინეს. ამავე დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.