ჟურნალისტი თეონა გეგელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“2012 წლამდე სიტუაციისგან განსხვავებით, ისინი, ვინც მაშინ ოპოზიციურ არხებზე ვმუშაობდით, ხელისუფლებაში მოსვლაზე პრეტენზიის მქონე კოალიცია ქვეყნის მართვაში გამოცდილი არ გვყავდა.
ეს არცოდნა, შესაძლოა არ ამართლებს, მაგრამ ხსნის მაინც იმას, რომ ჩვენი მაშინდელი ქცევა ხშირად კრიტიკულობის ზღვარს ცდებოდა და არაეთიკურ ფორმებს იღებდა. ამას პირველად არ ვამბობ, ეთერშიც მითქვამს.
პოლიტიკოსები და განსაკუთრებით ხელისუფლება, რომელიც ძალადობს, მათ შორის მედიაზეც, პროფესიულ წონასწორობას გაკარგვინებს. პირველ რიგში ეს პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, და ეს ცუდია.
წონასწორობის დაკარგვა ჩანდა ეთერებშიც და სოციალურ ქსელებშიც. ახლა, როცა ფეისბუკი ძველ პოსტებს მახსენებს, მგონია, ჩემი დაწერილი არაა. არა იმიტომ, რომ რამეს არ ვეთანხმები, უბრალოდ დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ ჩვენი მაშინდელი პროტესტი, ბევრმა პოლიტიკოსმა უბრალოდ გამოიყენა, და ეს ნორმაა, ასე ხდებოდა და მოხდება ყოველთვის.
ამასთანავე, პირადად მე ყოველთვის ისეთი გადაცემები მიმყავდა, რომელშიც წამყვანს სუბიექტური აზრის გამოთქმას ფორმატი ავალდებულებდა. მაშინ ასეთი გადაცემები თითზე ჩამოსათვლელი იყო. დღეს ყველა სატელევიზიო გადაცემა, მათ შორის საინფორმაციო გამოშვებებიც კი, ამ ფორმატისაა. ყველა წამყვანი თავს ვალდებულად თვლის, თავისი პოლიტიკური შეფასებები გაგვიზიაროს და გვბომბავს „ედიტორიალებით“, გვაინტერესებს თუ არა.
მერე ეს სიშლეგე გრძელდება სოციალურ ქსელში: ჟურნალისტების მხარდამჭერი კომენტარები პოლიტიკოსების სტატუსებთან; ცალკე პოსტები პოლიტიკური მიტინგებიდან – მუშტიანი და საქართველოსდროშიანი ემოჯებით.
დღეს ყველა ყველას იცნობს და ბუნებრივი იქნებოდა, რომ ჟურნალისტების დამოკიდებულება პოლიტიკოსების და პოლიტიკური პროცესების მიმართ სულ ცოტა, სკეპტიკური იყოს. მაგრამ, ასე არ ხდება. განსაკუთრებით აქტიურობენ ისინი, ვისაც იმავე პრობლემებზე, ნერვი არასდროს აშლია და დღეს თითქოს განაცდურს ინაზღაურებენ.
პოლიტიკური ცვლილებები არ ხდება ახალაღმოცენებული წამყვანების და ჟურნალისტების „ედიტორიალებით“, არც უცნობი პროდიუსერების რიხიანი ემოჯებით, ერთადერთი რაც ამით ხდება, პროფესია ზიანდება, რომელიც ამ ქვეყანაში უკვე საკმარისზე მეტად სძულთ. ამ სიძულვილს როგორ იყენებენ, ეგეც იცით.
„ედიტორიალები“ თუ სავალდებულოა, სიტყვებს „დააორგანიზა“ და „მოაბილიზა“ მაინც ნუ იყენებთ. ენაა ცოდო,” – წერს გეგელია სოციალურ ქსელში.