დღეს „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი იმართება.
პროცესზე ,სამედიცინო ექსპერტი, გივი ჩხარტიშვილი, იკითხება.
„სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, შესაბამისად, ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი არის უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას [ირაკლი დგებუაძეს] არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, შესაბამისად, გაიცა შესაბამისი დასკვნა.
იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა სიწითლე? მართალი გითხრათ არ მახსოვს, რომც ყოფილიყო არა მგონია, მიმეთითა დასკვნაში, რადგანაც უშალოდ სიწითლე არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი. მე მხოლოდ ვაფასებ დაზიანების ობიექტურ ნიშნებს, სიწითლე რახან არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, შესაბამისად, ის ჩემი შეფასების საგანი არ არის”, – თქვა ჩარტიშვილმა.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელის ირაკლი დგებუაძის თქმით, ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შედეგად, მას ლოყისა და ყურის არეში სიწითლე აღენიშნებოდა.