პროკურატურის ცნობით, ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომლის, შაკო ნათენაძის დაღუპვის საქმეზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.
“საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს, დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ, ბრალდება დაუმძიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს, ღამის საათებში, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულის მიერ მიყენებული დარტყმის შედეგად დაზარალებული დავარდა და ბორდურს დაარტყა თავი.დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად, 10 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 მაისს დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.