შალვა პაპუაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.
ის სხდასხვა თემას ეხება, მათ შორის, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს.
პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე წარიმართა.
„ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იქნებოდა ფინალური ბრძოლა, ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს იქნებოდა რეფერენდუმი.
კოლექტიური “ნაცმოძრაობა“, მსხვილი თუ წვრილი ენჯეოები, აქტივისტი მედიამუშაკები, დესტრუქციული, პარტიული მედიაარხები, ტრეინინგ-გავლილი მზა დემონსტრანტები, უცხოელი დონორები და დიპლომატები, ყველა ერთად წარმოდგნენ რეფერენდუმად მონათლულ არჩევნებზე, მიმავალი და ყავლგასული პრეზიდენტით სათავეში. ცალ ფეხზე დგომის, უცხო ინტერესების შესატყვისი, ევროპერსპექტივის ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი დაუპირისპირდა ნამდვილ, ქართულ, ეროვნულ ინტერესებზე აგებულ მშვიდობისა და კეთილდღეობის დღის წესრიგს, რომელსაც “ქართული ოცნება“ განასახიერებს. საბედნიეროდ, ისტორიის გაკვეთილებსა და ღრმა ცივილიზაციური მეხსიერების მქონე ქართველმა ერმა, ამომრჩეველთა სრულმა უმრავლესობა ზუსტად დაინახა თუ სად იყო ჭეშმარიტება, სიმართლე და ქვეყნის ნამდვილი ინტერესი. დაინახა და სწორი არჩევანიც გააკეთა.
ძალა ერთობაშია, სიკეთე ამთლიანებს, ბოროტი კი ჰყოფს. ისტორიულად საქართველოს დამარცხების ფორმულა სწორედ ეს იყო, ჩვენი დაქუცმაცება და გათითოკაცება. ეს პოლარიზაცია ამჯერადაც უცხოეთმა მოგვახვია თავს, მათი „კანვასური“ თუ „იუესაიდური“ პროპაგანდა, სიძულვილი თუ დაკანონებული ძალადობა ლამისაა მთლიანად ევროკავშირთან გაიგივდეს, ხოლო ამ ტრაგიკულ მოცემულობაში სწორედ ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ პოლიტიკოსსა და დიპლომატს მიუძღვის პირდაპირი წვლილი. მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის. ასეთ ვითარებაში გამარჯვების ფორმულაა ერთობა, სიმტკიცე და რწმენა, შენი ქვეყნის, შენი ხალხის, შენი ისტორიის. და ჩვენ ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგეთ. მეათე მოწვევის პარლამენტი იქცა შემობრუნების წერტილად, როდესაც ჩვენ, ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედად ეროვნული ინტერესი ვაქციეთ, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წესად სიბრძნით მოქმედება. სიბრძნე კი ისაა, გზა მანამდე დაინახო, სანამ ურემი გადაბრუნდება. სწორედ ეს შევძელით ჩვენ. ჩვენ არც ურემი გადავაბრუნეთ და არც ქვეყნის ჩარხი დავატრიალეთ უკუღმა. ეს მისია დღეს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა გადმოიბარა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და ქვეყნის ინტერესების შემდგომ მსახურებას. ქვეყნის გამთლიანება და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა არის ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ყველა სხვა მიზანი, განზრახვა და მისწრაფება ამ ორი საზომით გაიზომება. ამ საქმეში ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.