საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“სრულიად გაუგებარია რატომ გამოიწვია ამხელა აჟიოტაჟი დაპირებამ “უფასო კვება სკოლაში”. ფილოსოფიური წინააღმდეგობა იდეასთან შემიძლია გავიგო, ბაზარმა დაარეგულიროს, ეს მემარცხენე დაპირებაა და ასეთები. მაგრამ იმის თქმა, რომ თურმე დაპირება ტყუილია რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია.
რას ნიშნავს სკოლები განათლების სამინისტროს ეკუთვნის და ამიტომ ტყუილი დაპირებაა? თბილისის სკოლებში ბავშვები თბილისელები არიან, შესაბამისად, თბილისის მერიას ნებისმიერი სოციალური პროგრამის დაწყება შეუძლია მათთვის რასაც საჭიროდ ჩათვლის შეუზღუდავად.
ფორმა ათასნაირი არსებობს: ვაუჩერები ბავშვებისთვის, სკოლისთვის მიზნობრივი გრანტის მიცემა კონკრეტულად ამ პრობლემის მოგვარებისთვის, და სხვა…
აბსოლუტურად არაფერი უკრძალავს თბილისის, ან რომელიმე ქალაქის მერიას სოციალური პროგრამა განახორციელოს რომელიმე ჯგუფთან მის ქალაქში.
ერთადერთი წუხილი რომელიც შეიძლება გაჩნდეს ის არის, რომ თბილისელი ბავშვები უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სხვებთან შედარებით და ეს ერთგვარი დისკრიმინაციის ალბათობას აჩენს. თუმცა, მხოლოდ ეს არგუმენტი არ ვარგა და არ გამოდგება იმისთვის, რომ თუ სხვას ვერ ვეხარებით თბილისელებიც დაიჩაგრონ.
ამასობაში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ყოლა სხვადასხვა ქალაქში ამითაც არის საინატერესო და სასურველი რომ კონკურენცია იწყება უკეთესი მართვისთვის და შესაბამისად, ზეწოლა პოლიტიკურ ძალებზე საკუთარი იდეები და პროგრამები სხვისთვისაც მოსაწონი და მისაბაძი გახადონ.
ეს სწორხაზოვანი აზროვნება როდიდან გახდა ასეთი პოპულარული ქვეყანაში გაუგებარია,” – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურამდე ორი კვირით ადრე დედაქალაქის ქუჩებში ახალი სარეკლამო ბანერები გამოჩნდა, რომელზეც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინასაარჩევნო დაპირებაა გამოსახული – “უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში”.
გეგმა დედაქალაქის საჯარო სკოლების აბსოლუტურად ყველა მოსწავლეზეა გათვლილი, მიუხედავად მათი სასკოლო ასაკის, სოციალური სტატუსისა და ეკონომიკური მდგომარეობისა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმის თანახმად, თბილისში რეგისტრირებული 190 000 – 200 000 მოსწავლის გამოკვება სახელმწიფოს, სავარაუდოდ, ყოველწლიურად არაუმეტეს 90-100 მილიონი ლარი დაუჯდება.
ბიუჯეტისა და მოსწავლეთა რაოდენობის გათვალისწინებით, თითოეული მოსწავლის გამოკვებაზე ყოველდღიურად, დაახლოებით, 2.5-3 ლარი დაიხარჯება.